სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანია პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ინფორმაციას თავად ტვ პირველი ავრცელებს.

მოსამართლე კლდიაშვილის განჩინებით ირკვევა, რომ პროკურატურა ითხოვს კონვერტის ან სხვა შეფუთვის ამოღებას, რომელშიც ელექტრონული მოწყობილება იყო მოთავსებული, მასზე კი ფარული აუდიოჩანაწერები იყო ჩაწერილი.

“მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ მათი მიზანია, როგორმე გავიდნენ წყაროზე. ჩვენი, ჟურნალისტების მოვალეობაა, დავიცვათ წყარო და ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს კანონი”,– ამბობს ნოდარ მელაძე.

ჩანაწერებში, რომელიც ტელეკომპანია პირველმა გამოაქვეყნა, ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ. ფარულ ჩანაწერში საუბარია ბერა ივანიშვილისთვის უსიამოვნო კომენტარების ავტორებზე სავარაუდო ანგარიშწორებაზე.

ბერა ივანიშვილი ჩანაწერების ავთენტურობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ ის 2010–2011 წელს არის ჩაწერილი.