აიცრებიან თუ არა ვაქცინით კოვიდგადატანილი ადამიანები – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ადამიანები, რომელთაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, ვაქცინით მაინც აიცრებიან, თუმცა გადატანიდან 3 თვის შემდეგ.

“ზოგიერ ადამიანს კოვიდი უკვე გადატანილი აქვს და მას გარკვეული იმუნიტეტი უკვე აქვს, მაგრამ ეს წინააღმდეგჩვენება აცრის არ არის. ბოლო ჩვენი რეგულაციებით მაინც დადგენილია, რომ გადატანიდან პირველი სამი თვის განმავლობაში ამ ეტაპზე არ აიცრებიან. ჩვენი სამიზნეა, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, ეს არის დაახლოებით 1.7 მლნ ადამიანი. თუ ჩვენ ავცრით მოსახლეობის 60%–ს, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კოვიდი დამარცხდება”,– ამბობს გამყრელიძე “იმედთან” საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ  გვიან გაზაფხულზე, “კოვაქს” პლატფორმაზე იქნება დაახლოებით ხუთი ვაქცინა, საქართველო კი მათგან აარჩევს.

“პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, Pfizer-ის ვაქცინას ავითვისებთ. შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია. ამ ეტაპზე, რუსულ ვაქცინას არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და არც სხვა მარეგულირებლების ავტორიზაცია, მხოლოდ რუსეთის მარეგულირებლის ავტორიზაცია აქვს. ის COVAX პლატფორმაზე განთავსებული არაა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მთავრობამ დაადასტურა, რომ საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებში ფაიზერის 29 250 დოზა ვაქცინა შემოვა, რითაც სამედიცინო პერსონალი აიცრება. ვინაიდან ვაქცინა ერთ ადამიანს ორჯერ უკეთდება, 29 250 დოზა მხოლოდ 14 625 სამედიცინო მუშაკს ეყოფა. გამოდის, რომ 46 420 ჯანდაცვის მუშაკიდან, თებერვალში ფაიზერის ვაქცინით მხოლოდ 14 625 პირი, დაახლოებით 31.5% აიცრება.