ალექსეი ნავალნის 2.5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის, 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა.ის სასჯელს  საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით 3,5 წლით პირობითი პატიმრობა შეცვალა იმავე ვადის რეალური პატიმრობით ოღონდ გამოაკლო მას 10 თვე, რაც პოლიტიკოსმა შიდა პატიმრობაში გაატარა.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგ ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ სცნეს. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია „ივ როშე“, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა მიესაჯა. მოგვიანებით გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა.

ნავალნი აგვისტოში საბჭოთა ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით” მოწამლეს. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ოჯახის წევრებმა და თანაპარტიელებმა, კომაში მყოფი ოპოზიციონერი გერმანიაში გადაიყვანეს. ნავალნი მოწამვლაში ბრალს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დებს.

18 იანვარს სასამართლომ ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.