ამერიკამ და ევროკავშირმა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

ბელარუსი, შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მიერ დაწესებულ დამატებით სანქციებზე აცხადებს, რომ ეს „ეკონომიკურ ომს“ უდრის. სანქციების ახალი წყება, დასავლეთის ქვეყნებმა მინკს „რაინეარის“ ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში იძულებით დაშვების და დისიდენტი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის გატაცების გამო დაუწესეს.

ევროკავშირის ამ ნაბიჯს დღეს, ევროპის კავშირის არაწევრი სახელმწიფოებიც შეუერთდნენ, მათ შორის – ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.

სანქციები ათობით ინდივიდსა და კომპანიას შეეხება, იქნება ეს მთავრობის ოფიციალური პირები, კანონმდებლები თუ პრეზიდენტ ლუკაშენკოს კაბინეტის მინისტრები და ოჯახის წევრები.

სანქციები დასავლეთში მათ აქტივებს ყინავს და მოგზაურობაზე შეზღუდვებს აწესებს. სანქციები მოიცავს ტრანსპორტის, თავდაცვისა და საჰაერო მიმოსვლის სფეროს თანამშრომლებს. მინსკმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.

ეს „რაინეარის“ ინციდენტის შემდეგ, სანქციების მეორე წყებაა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრიუსელმა სანქციები მიიღო ლუკაშენკოს ახლო წრის და სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“ წინააღმდეგ. ბევრმა დასავლურმა ავიაკომპანიამ გაიზიარა გაერთიანების მოწოდება, თავიდან აირიდოს ბელარუსის საჰაერო სივრცე.

გასული თვის ბოლოს, ბელარუსმა „რაინეარის“ თვითმფრინავი, ბომბის საფრთხის მომიზეზებით, ბელარუსის ტერიტორიაზე იძულებით დასვა და ბორტიდან ლუკაშენკოს კრიტიკოსი ჟურნალისტი 26 წლის რომან პრატასევიჩი დააკავა. ბორტზე ბომბი არ აღმოუჩენიათ. ამ დრომდე, დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად, ლუკაშენკოს რეჟიმს ჟურნალისტი არ გაუთავისუფლებია.

ალექსანდრ ლუკაშენკო 27 წელია ხელისუფლებაშია. მისი გადადგომის მოთხოვნით, გასული წლის აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

ლუკაშენკოს მთავრობამ ათასობით დემონსტრანტი დააკავა. ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები საუბრობენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზეც. დასავლეთის ქვეყნების საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და მის შედეგებს არ ცნობენ. ამ დრომდე ქვეყანაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება.

წყარო: ამერიკის ხმა