“ამერიკა დაეხმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად,ნატოსთან დაახლოებაში“–აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ლევან მიქელაძის ფონდის და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ, ონლაინ კონფერენციაზე ამერიკა-საქართველოს ახლო პარტნიორობაზე, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ორ ქვეყნას შორის მტკიცე სამხედრო პარტნიორობაზე ისაუბრა.

ბიგანი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანია. „საქართველოს სჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ბიზნესებისთვის თანაბარი გარემოს შექმნის გარანტი იქნება და სწრაფად გადაჭრის მათ დავებს. უკეთესად დაკავშირებული, ეკონომიკურად უფრო წარმატებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ცენტრალური აზია შედის როგორც შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს ინტერესებში. საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ სატრანზიტო ცენტრი იყოს ევრაზიიდან ევროპისთვის. გაზის სამხრეთის დერეფნის დასრულება და ისეთი ინიციატივები, როგორიცაა ლაპილ ლარულის დერეფანი, ამ ამბიციებს დააწინაურებს. ეს ძალისხმევა რეგიონის ქვეყნებს ხელს შეუწყობს წინააღმდეგობა გაუწიონ მტრულ გავლენებს ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც გავლენათა სფეროების შექმნას ცდილობენ. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ ჩინეთის ერთი გზა ერთი სარტყელის პროექტს და საბანკო სესხებს, რომლებიც მმართველობასა და ავტონომიას ასუსტებს.“

ბიგანმა ასევე დასძინა, რომ ამერიკის მიზანია „იმის უზრუნველყოფა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონტროლი და შეეძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პარტნიორების შერჩევაში.“

ამერიკის მეორე დიპლომატმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ძალისხმევამ, შეეჩერებინა ამ საშიში დაავადების გავრცელება. ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და დახმარების მეშვეობით, საქართველომ ააშენა ძლიერი, მდგრადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გამოუყო თითქმის 6 მილიონი დოლარი კოვიდ-19-ის [წინააღმდეგ ბროლაში] დასახმარებლად და აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტომ (USAID) დამატებით 13 მილიონი დოლარი გამოყო მიმდინარე პროგრამებზე, რომელთა მიზანიც საქართველოზე კოვიდ-19-ის ეკონომიკური გავლენის [შემსუბუქებაა],“ თქვა ბიგანმა.

რუსულ დეზინფორმაციაზე საუბრისას, სტივ ბიგანმა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არავის უკვირს ის, რომ ამერიკული დაფინანსებით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორია რუსული მავნე პროპაგანდის უწყვეტი სამიზნეა.

მისი თქმით, ეს იმის გამო ხდება, რომ ლუგარის „ცენტრმა ქართველ ხალხს დაანახა საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის არჩევანის ხელშესახები შედეგი.“

საუბრის ბოლოს, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ქვეყნის დასავლური მისწრაფებების შესრულებაში და მადლობა გადაუხადა ქვეყანას საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. მან ასევე დასძინა, რომ ამერიკა დაეხმარება „საქართველოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, შესაძლებლობების გაძლიერებაში და ნატოსთან თავსებადობის დახვეწაში. მხოლოდ 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 66 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო სამხედრო დახმარების სახით. ჩვენ გულითადად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ წვლილს ნატოს ავღანეთის მისიის მხარდაჭერაში და ამერიკისა და ნატოს წვრთნებში სხვაგან.“

სტივენ ბიგანმა ხაზი გაუსვა ლევან მიქელაძის ფონდის საქმიანობას და წვლილს საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გაღრმავებაში. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აშენებულია საერთო ღირებულებებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე.

წყარო: ამერიკის ხმა