ამერიკელების 68%-ს არ სურს ტრამპი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად დარჩეს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, აშშ-ის კაპიტოლიუმზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმიდან ორ კვირაში, არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიცს დადებს. საზოგადოებრივი აზრის ავტორიტეტულმა კვლევითმა ცენტრმა „პიუ“, წარმავალი და მომავალი პრეზიდენტების შესახებ ამერიკელები გამოკითხა.

გამოკითხულ ამომრჩეველთა 64% დადებითად აფასებს ჯო ბაიდენის ქცევას მას შემდეგ, რაც მან ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. გამოკითხულთა უმრავლესობა, ასევე იწონებს ბაიდენის არჩევანს, საკუთარი მომავალი კაბინეტის დაკომპლექტებისას და მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს.

ამ ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს, პრეზიდენტობის განმავლობაში, საკუთარი პოზიტიური შეფასების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით ტოვებს – 29%. ამასთან გამოკითხულთა უმრავლესობა, მის ქცევას არჩევნების შემდეგ მკვეთრად უარყოფითად აფასებს და ამგვარი შეფასებები მზარდია. მის მიმართ უარყოფითი შეფასების მაჩვენებელი 68%-იდან, რაც მას ნოემბერში ჰქონდა, ახლა 76%-ია.

პიუს კვლევითმა ცენტრმა, ახალი კვლევის ფარგლებში, 8-12 იანვრის მონაკვეთში 5 360 ზრდასრული ამერიკელი გამოკითხა. მათგან 4 040 აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა დიდ უმრავლესობას, არ სურს, დონალდ ტრამპი მთავარ პოლიტიკურ ფიგურად დარჩეს მას შემდეგ, რაც ის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დატოვებს. 68% ფიქრობს, რომ ის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში, მთავარ ეროვნული პოლიტიკური ფიგურა აღარ უნდა იყოს. მხოლოს 29%-ს მიაჩნია, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ის მნიშვნელოვან ფიგურად უნდა დარჩეს.

ავტორიტეტული კვლევით ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საზოგადოების ორი მესამედი, 6 იანვარს მომხდარ ძალადობაში გარკვეულ პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ტრამპს აკისრებს. 52 პროცენტი ამბობს, რომ ამ მოვლენებში მისი პასუხისმგებლობა დიდია. გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი, 24% ფიქრობს, რომ მომხდარი პრეზიდენტ ტრამპის პასუხისმგებლობა არ არის.

„პიუმ“ ამერიკელთა აზრი, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებაც მოისმინა. 13 იანვარს, წარმომადგენელტა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი „აშშ-ის ხელისუფლების მიმართ, ძალადობის წაქეზების“ ბრალდებით გამოუცხადა. გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება ქვეყნისთვის, თუ პრეზიდენტ ტრამპს დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებდნენ, მისი ვადის ამოწურვამდე დარჩენილ რამდენიმე დღის განმავლობაში კი პრეზიდენტის მოვალეობას, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეასრულებდა. 45%-ს კი მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი, თანამდებობაზე ვადის ამოწურვამდე, 20 იანვრამდე უნდა დარჩეს.

ჯო ბაიდენი

ბაიდენი, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს, საზოგადოების პოზიტიური შეფასებით ზურგამაგრებული იკავებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% იწონებს ბაიდენის სამომავლო გეგმებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს – ამერიკელთა ამ ნაწილს მოსწონს არჩეული პრეზიდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

შედარებისთვის: 2017 წლის იანვარში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 39% იწონებდა მაშინდელი მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამომავლო გეგმების შესახებ წარმოდგენილ ხედვებსა და განმარტებებს.

იმავე საკითხში, 2009 წლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენ ბარაკ ობამას მოწონების რეიტინგი 70% იყო.

ამერიკელთა 57% იწონებს ბაიდენის საკადრო პოლიტიკას – მომავალი კაბინეტის წევრების სერჩევისა და სხვა დაგეგმილი მაღალი დონის თანამდებობრივი დანიშვნების შესახებ. 46%-ს აქვს მოლოდინი, რომ ბაიდენი ფედერალური მთავრობის მუშაობას გააუმჯობესებს. 28% ამ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ბაიდენი არსებულ სიტუაციას გააუარესებს. 24%-ს კი მიაჩნია, რომ მას დიდი ეფექტი არ ექნება.

დემოკრატებმა, თეთრ სახლთან ერთად, მოიგეს სენატის უკრავლესობაც. ამ ფონზე, ათიდან 6 დემოკრატი, 62% ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა, როგორც პრეზიდენტმა, უნდა სცადოს რესპუბლიკელ ლიდერებთან ერთად მუშაობა. „იმის მიუხედავად, გამოიწვევს თუ არა ეს იმედგაცრუებას მის ამომრჩევლებში.“

კამალა ჰარისი

ამერიკელების მოსაზრებები გაყოფილია არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიმართ. ის ისტორიას შექმნის – 20 იანვარს პირველი ქალი, შავკანიანი და ასევე აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარს მიაჩნია, რომ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კვალიფიციურია პრეზიდენტად მსახურობისთვის. თითქმის ამდენივე საწინააღმდეგოდ ფიქრობს.

საზოგადოების უმრავლესობა, 55% ელოდება, რომ მას ბაიდენის ადმინისტრაციაში საკმარისი რაოდენობის გავლენა ექნება. 36%-ს მიაჩნია რომ მას ძალიან დიდი გავლენა ექნება, 7% კი ფიქრობს, რომ მისი გავლენა ძალიან მცირე იქნება.

წყარო: ამერიკის ხმა