ამნისტია დაჩქარებული წესით–პროექტში ჩამატებული მუხლების შემდეგ ამნისტია ათასამდე ადამიანს შეეხება

მაშტაბური ამნისტია შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოცხადდეს. საკითხი დაჩქარებული წესით პარლამენტის სესიაზე ხვალ გავა.

აქტი 40-ზე მეტ მუხლს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ციხეს რამდენიმე ათასამდე ადამიანი დატოვებს. მათ შორის იქნებიან სტუდენტები და ის ქალი პატიმრები, რომლებსაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ.

ამას ემატება სასჯელის ზომის შემსუბუქება და ის პირები, ვინც პირობითი მსჯავრის ქვეშ არიან.

ქურდობა, თაღლითობა, ნარკოდანაშაული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ასევე ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების დროს – ეს იმ მუხლების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც 2021 წელს ამნისტია გავრცელდება.

44-დან რამდენიმე მუხლი ნარკოდანაშაულს ეხება, თუმცა არა გასაღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ამნისტიით შესაძლოა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ათეული ადამიანი გათავისუფლდეს, არასამთავრობოები ამბობენ, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ ნარკო პოლიტიკა შეცვალოს, რადგან ბევრი ადამიანი სასჯელს მხოლოდ მოხმარებისთვის იხდის.

არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტში სხვა ხარვეზებსაც ხედავენ. ისინი შრომითი უსაფრთხოების დარღვევის შედეგად დაზარალებულთა უფლებების უგულვებელყოფაზე საუბრობენ, არადა საქართველოში ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა იყო, როცა ადამიანები სწორედ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ემსხვერპლნენ მშენებლობებზე, შახტებსა თუ მაღაროებში. შრომის დაცვის წესის დარღვევა, კიდევ ერთი მუხლია, რომელზეც ამნისტია ვრცელდება.თუმცა  კანონპროექტში საერთოდ არ არის გათვალისიწნებული დაზარალებული მხარე, რაც დისკრიმინაციული მიდგომაა.

ამნისტია უვადო პატიმრობა მისჯილებზეც ვრცელდება, მათ შორის არიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულები პირები, რომლებსაც უვადოდ პატიმრობა ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის აქვთ შეფარდებული, თუმცა მათ უვადო პატიმრობა 20 წლიანი სასჯელით ეცვლებათ.

გათავისუფლდებიან ან სასჯელი შეუმსუბუქდებათ ქონებრივი დანაშაულისითვის დაკავებულებს, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღებისთვის მსჯავრდებულებს და სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის დაკავებულებს.

კანონპროექტის ავტორი არ გამორიცხავს, რომ დოკუმენტს 20-მდე მუხლი დაემატოს და ამნისტია კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეხოს.

დოკუმენტი პირველი მოსმენით  პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

მას ხვალ უკვე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს და ხვალვე გაირკვევა, კიდევ რომელი მუხლები დაემატება დოკუმენტს და გაითვალისწინებენ თუ არა არასამთავრობოების შენიშვნებს.

საბოლოოდ ამნისტიით დაახლოებით ათასამდე ადამიანი გათავისუფლდება, ვინც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა დანაშაული.