“ამ შეზღუდვებით ჩვენ არ გვიცავენ, თავს იცავენ“–შოთა დიღმელაშვილი შეზღუდვების გახანგძლივებაზე

მოძრაობა “სირცხვილიას“ წევრი, შოთა დიღმელაშვილი ხელისუფლების მიერ შეზღუდვების გახანგრძლივებას არაპროპორციული ძალის გამოყენებას უწოდებს და თვლის, რომ შეზღუდვებს პოლიტიკური მიზანშეწონილობა განსაზღვრავს:
“შეუძლებელია, ხელისუფლებას არ ესმოდეს, რასთან მოუწევს გამკლავება: დაახლოებით 100 ათასით მეტი ღარიბი გვყავს, 150 ათასით მეტი უმუშევარია, ყველაფერი ძვირდება, ქვეყნის შემოსავალი კლებულობს, ვალი კრიტიკულ ნიშნულს გადაცდა, მომავალი ბუნდოვანია.
მაგრამ მაინც, აკრძალვებშიც არაპროპორციულად დიდი ძალის გამოყენებას არჩევენ და არავის მდგომარეობაში შესვლას არ ცდილობენ, არავის ხვდებიან, არ ესაუბრებიან, გაჭირვებულების და ჯანდაცვის ინტერესების დაბალანსებაზე უარს დემონსტრაციულად აცხადებენ და იქეთ ამუნათებენ საკუთარი ცუდი გადაწყვეტილებების მსხვერპლ მოსახლეობას.
მსოფლიოს მხოლოდ შვიდ ქვეყანაშია ჩვენზე მკაცრი აკრძალვები და ეს იმ ვითარებაში, როცა ამაზე ორი-სამჯერ მეტი შემთხვევისას არჩევნებს ვატარებდით, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლას მოგვიწოდებდნენ ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები. რატომ? იმიტომ რომ მაშინაც პოლიტიკური მიზანშეწონილობა განსაზღვრავდა შეზღუდვას და ახლაც.
ამ შეზღუდვებით ჩვენ არ გვიცავენ, თავს იცავენ. საკუთარი მორალური და ინტელექტუალური გაკოტრების კვალს ფარავენ, მდგომარეობის მართვის პასუხისმგებლობას ირიდებენ, ძალაუფლების სამსხვერპლოზე მიაქვთ ჩვენი ჯანმრთელობა და დეფოლტის პირას მყოფი ქვეყნის მომავალი. ეს პირველ რიგში ჯანდაცვის პროფესიონალებს უნდა ესმოდეთ, რომლებიც ხალხთან ერთად უნდა ითხოვდნენ ხელისუფლების მეტ ანგარიშვალდებულებას.“– ამბობს დიღმელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების დიდი ნაწილი 1 მარტამდე დარჩა ძალაში, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ხვალ და მომდევნო დღეებში რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაანონსებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით.