ანაკლიას ვეტო რუსეთმა დაადო, კრემლს და ივანიშვილს არ უნდათ საქართველო იყოს მიმზიდველი – გენერალი ბენ ჰოჯესი

ამერიკელმა გენერალმა, აშშ-ს ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა გადაცემა დღის სტუმარში საქართველოში მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტზე, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და ანაკლიის პორტის ჩაშლილ პროექტზე ისაუბრა.

გენერალი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი სწორედ რუსეთის უშუალო მონაწილეობით ჩაიშალა

“ვისურვებდი საქართველომ ზღვაზე, ფლოტისთვის, მოგვცეს ფლოტის მომარაგების შესაძლებლობა, ჩვენ გვექნებოდა ამის საშუალება, კრემლს რომ არ დაედო ანაკლიის პორტისთვის ვეტო. ნამდვილად არ არის კარგი, რომ ანაკლიის პროექტი ჩავარდა, ჩვენ ამ ყველაფრის მიზეზი არ მოგვისმენია, დემოკრატია რთულია, თუ კი გექნებათ მეტი გამჭირვალობა ხალხს ექნება მეტი ნდობა მოვლენების მიმართ. ბათუმის და ფოთის პორტი არ არის შესაბამისი, რომ საქართველომ კონკურენცია გაუწიოს სხვა პორტებს” – ამბობს ბენ ჰოჯესი.

გენერლის თქმით, მნიშვნელოვანია ინვესტორებმა იცოდნენ, რომ საქართველოში არსებობს სამართიანი სასამართლო, ასეთ შემთხვევაში გაიზრდება ინვესტიციების რაოდენობაც, თუმცა ბენ ჰოჯესის თქმით კრემლს და ბიძინა ივანიშვილს ეს ყველაფერი “არ აწყობთ” :

“ღრმაწლოვანი ნავსადგური ძალიან მნიშნველოვანია, ადამიანებმა ვისაც დიდი ფული აქვს უნდა იცოდნენ, რომ სასამართლო იქნება ღია და გამჭირვალე, თუ გერმანელი ან ჰოლანდიელი ჩადებს ფულს, ის ამის შემდეგ ეცდება ყურადღება მიაქციოს საქართველოს, ამის შემდეგ მათთვის სულერთი აღარ იქნება, რა ხდება საქართველოში, რომ რუსეთი თქვენი ქვეყნის ოკუპაციას ახდენს, სწორედ ამიტომ არ უნდა კრემლს საქართველოს მსგავსი განვითარება და არ უნდა ივანიშვილს საქართველო იყოს მიმზიდველი.” – თქვა აშშ–ის ევროპული ძალების ყოფილმა მეთაურმა.

რაც, შეეხება მაიკ პომპეოს ვიზიტს, ბენ ჰოჯესის თქმით, პომპეოს ჩამოსვლა საქართველოში, კრემლისთვის გზავნილია, რომ აშშ–სთვის საქართველო მნიშვნელოვანია.

“იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კავკასიის მიმართ, ამერიკა ასეთი აქტიური არ იყო,ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოსთან დამოკიდებულება მნიშნველოვანი არ არის, მე არ ვიცი მდივან პომპეოს დღის წესრიგი, მაგრამ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები უნდა იყოს მდგრადი.” – თქვა ბენ ჰოჯესმა

გენერალმა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზეც ისაუბრა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მხარდს უჭერს ქვეყნის ალიანსში მიღებას და თქვა, რომ რუსეთმა ვერ უნდა დაადოს ამ საკითხს ვეტო:

“ამერიკამ უნდა დაამტკიცოს, რომ შავი ზღვის რეგიონი მნიშნველოვანია ნატოსა და დასავლეთისთვის, არა მხოლოდ რუსეთის ქმედებების გამო, არამედ იმ ქვეყნების ეკონომიკისთვის, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში შედიან, განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელსაც აქვს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია და ერთ–ერთი კორიდორი აზიასა და ევროპას შორის, რუსეთზე და ირანზე კი არა, კავკასიაზე გადის…თქვენ კარგად იცით, ჩემი პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ რომ რუსეთმა ვეტო ვერ დაადოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.” , – ამბობს ბენ ჰოჯესი.

ჰოჯესი ყარაბაღის მოვლენებსაც გამოეხმაურდა და თქვა, რომ აშშ–ს რუსი სამშვიდობოების კავკასიაში გამაგრება არ უნდა დაეშვა და პროცესში ომამდე უნდა ჩართულიყო.

“სამწუხაროდ, ჩვენი უყურადღებობის გამო, ყარაბაღში გვყავს, რუსი ე.წ. სამშვიდობოები. რუსი სამხედროები უკვე არიან საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჩვენ ეს არ უნდა დაგვეშვა, პროცესებში ომამდე უნდა ჩავრთულიყავით.” – თქვა, ამერიკელმა გენერალმა.