არასწორი იყო, სერიოზული ზიანი მოადგა გირჩს – ჯაფარიძე ხვიჩიას განცხადებაზე

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეხმიანება თავისი თანაპარტიელის, იაგო ხვიჩიას განცხადებას პორნოგრაფიასთან დაკავშირებით.

ჯაფარიძის თქმით, ხვიჩიას განცხადება არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ბევრი ფაქტორების გამო.

“გამოხტომას ამას ვერ დავარქმევ. ჩათვალა ადამიანმა, რომ რაღაც პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა რაღაც საკითხი და დააფიქსირა. თუმცა, ჩემი აზრით, არასწორი იყო და ბევრნაირად შემიძლია ახსნა, რატომ იყო არასწორი, არა შინაარსის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზი გამო. მაგრამ, ხო, კითხვის შინაარსის გავიგე და მეც მგონია, რომ ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მოდი, მარტივად დავამთავრებ დღეს ამ კითხვაზე აქ”, — თქვა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, იაგო ხვიჩიამ განცხადება ზერელედ გააკეთა, რის გამოც გირჩი დააზიანა.

“მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამით სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს”, – ამბობს ჯაფარიძე. 

რამდენიმე დღის წინ იაგო ხვიჩიამ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით 1 პირის დაკავებაზე თქვა:

“პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“.

მის ან განცხადებას გირჩის დამფუძნებლის და მხარდამჭერების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.