“არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას” – ნიკა გვარამია სასამართლოში მივიდა

ამ ეტაპზე მე არ ვაპირებ წყაროს გასაჯაროებას ერთადერთი, შემიძლია ვუთხრა, როგორც ყოველთვის ვეუბნები, წყაროს წარმომავლობა – ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სასამართლოში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მანამდე კი პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა,რომ  გამოძიებას კითხვები სწორედ წყაროსთან დაკავშირებით ექნება, თუმცა, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უფლება აქვს არ გაასაჯაროოს წყარო, საიდან მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია.

“ერთადერთი, რაც გვითხრეს, არის ის, რომ დაკითხვა უკავშირდება შაქარაშვილის საქმეს. მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, შესაბამისად, არც პოზიციები გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული იმიტომ რომ ამ დრომდე არ ვიცით, რა კითხვები იარსებებს. პასუხები დამოკიდებული იქნება ზუსტად იმაზე, თუ რა კითხვებს დაუსვამენ. ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომ არ გათქვას წყარო, საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია. რამდენად ისარგებლებს ამ უფლებით, ეს არ ვიცი, დამოკიდებული იქნება იმაზე, კონკრეტულად რა კითხვები იქნება,” – ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მანამდე კი, გუშინ, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო. ნიკა გვარამია დღეს შაქარაშვილის საქმეზე სწორედ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.