არ ვითანამშრომლებთ “ოცნებასთან” და მხარს არ დავუჭერთ სააკაშვილის პრემიერობას – კაპანაძე

ევროპული საქართველოს სააარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მისი პარტია პოლიტიკურ ვალდებულებას იღებს, რომ არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან და პრემიერმინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

“არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ ქართულ ოცნებასთან და მას არ შევუქმნით მთავრობას. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, რომ იგივე ტიპის ვალდებულება აიღონ. ასევე, შემიძლია აქვე დავამატო, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს. ეს არის დამატებითი პოლიტიკური ვალდებულება. ყველაზე მთავარი არის ცვლილებების გეგმაში არსებული ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის,” – აცხადებს სერგი კაპანაძე.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. პრემიერობა სურს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და ქართული ოცნების ამჟამინდელ პრემიერს, გიორგი გახარიას.