არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა – ბადრი ჯაფარიძე ამომრჩეველს მიმართავს

“არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა” – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ჯაფარიძე ამომრჩევლებს, მოუწოდებს მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ეს იქნება არჩევნების ფარსი.

„ის, რომ მმართველი ძალა ფიქრობს, რომ ეს არჩევნები იყო შესანიშნავად ჩატარებული და ასახავს ხალხის ნებას, სამწუხაროდ, არის რეალობას აცდენილი და აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრებასთან. შენი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა არის ძალიან სარისკო და მე ვფიქრობ, რომ გააცნობიერებს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას „სირცხვილის კორიდორებში“. ყველა პარტიას აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, რა ტიპის აქციას ჩაატარებს მეორე ტურების დღეს; ასე რომ, ჩვენ სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ეს იქნება არჩევნების ფარსი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.