“არ მინდა დავაკნინო ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ აღმოჩნდა“ – სანდო ბარამიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სანდრო ბარამიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ მან ორმაგი შთაბეჭდილება შეუქმნა.

ის ეხმიანება გადაწყვეტილების იმ მონაკვეთს, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 8-12 აგვისტოს შუალედში, აქტიური საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას, რუსეთის იურისდიქცია არ დაადგინა.

“წავიკითხე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისგან ორმაგი შთაბეჭდილება შემექმნა – ერთი მხრივ, დიდი კმაყოფილების, მეორე მხრივ, უკმაყოფილების. ჩვენი გამარჯვებაა ის, რომ ევროპული სასამართლოს თქმით, 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდა თავის იურისდიქციას და ამიტომაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ პერიოდში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა, მათ შორის, სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლებისა და მიმოსვლის თავისუფლების მასობრივი დარღვევისათვის, რასაც “ადმინისტრაციული პრაქტიკის” ხასიათი ჰქონდა”,– წერს ბარამიძე.

მისი შეფასებით, დაუსაბუთებელია, რატომ არ მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ საქართველოს ტერიტორიაზე 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდში რუსეთის მოქმედებები იურისდიქციის განხორციელებად.

“გაუგებარი, დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის თანახმად, რუსეთი თურმე არ ახორციელებდა იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე შუალედში, ანუ ე.წ. 5-დღიანი ომის პერიოდში. ამ დროს თურმე რუსეთი არც მისი შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული ქართული მიწის “ეფექტურ კონტროლს” ახორციელებდა (ე.წ. “სივრცის კონტროლი”) და არც “სახელმწიფოს წარმომადგენლის ძალაუფლებასა და კონტროლს” (ე.წ. პიროვნული კონტროლი”).

გამოდის, რომ ერთი კაცის მიმართ რომ ჩაიდენ ძალადობას, ეს ძალის გამოყენება და კონტროლია ამ კაცის მიმართ და, აქედან გამომდინარე, იურისდიქციის განხორციელებაც (როგორც ეს დადგენილ იქნა ალ-სკეინის და სხვა “ერაყულ” საქმეებში, აგრეთვე რამდენიმე თურქულ და მოლდოვურ საქმეში), მაგრამ საარტილერიო ცეცხლს რომ დაუშენ მთელ სოფლებს, განურჩევლად იმისა, საჯარისო ფორმირებებს ანადგურებ ამით თუ მშვიდობიან, უიარაღო მოსახლეობას, ეს ძალის გამოყენება და კონტროლი არ არის”,– აცხადებს სანდრო ბარამიძე.

მისივე აზრით, საქართველოს გამარჯვება სრული არ აღმოჩნდა.

“ვფიქრობ, ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ დიდი რევერანსი გაუკეთა რუსეთს. არ მინდა დავაკნინო ჩვენი გამარჯვება, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ აღმოჩნდა. ნაწილი ამ გამარჯვებისა წაგვართვეს.

ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების ვრცელი და კარგად დასაბუთებული იურიდიული კრიტიკა იხ. იმ მოსამართლეთა განსხვავებულ აზრებში, რომლებმაც ხმა არ მისცეს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 5-დღიანი ომის შეფასების ნაწილში. სასიამოვნოა, რომ მათ შორისაა ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია, რომელიც სამ განსხვავებულ აზრს აწერს ხელს – ერთს მარტო და ორს კოლეგებთან ერთად”,– წერს ბარამიძე Facebook–ზე.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასასამართლომ საქმეზე “საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

სტრასბურგის სასამართლომ 8-12 აგვისტოს შუალედში, როდესაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, რუსეთის იურისდიქცია არ დაადგინა. 11 ხმით 6-ის წინააღმდეგ სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთს არ ჰქონდა ეფექტური კონტროლი და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი იურისდიქცია კონვენციის მიზნებისთვის და მას ამ პერიოდისთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.