არ უნდა გვჭირდებოდეს ჯარიმების ენით საუბარი, პირბადეს უნდა ვატარებდეთ – მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ვლინდება პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევები. მისი თქმით, მოქალაქეებმა რეგულაციები ჯარიმების დაწესების გარეშეც უნდა დაიცვან.

„ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. საკმაო პერიოდია გასული, რაც პანდემიასთან ვიბრძვით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და იმ პირობებში, როდესაც ბევრი რამ ვისწავლეთ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან ჯარიმების ენით საუბარი. ჯარიმების გარეშეც, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომ პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ.

რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, თითოეული ჩვენგანი რამდენად დაიცავს წესებს. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარების, ასევე დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, ისე, არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის წინდაუხედავობა კავშირშია ინფიცირების რაოდნეობის ზრდასთან, ამიტომ ყველაფერი ამისგან თავი უნდა შევიკავოთ და მაქსიმალურად დავიცვათ წესები”,-განაცხადა მეზვრიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და სხვა მასშტაბური შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს.