“არ უნდა იყოს სამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და  მედია ხელმძღვანელების წინააღმდეგ“–ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანი

ევროპარლამენტის საგარეო საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას  დეპუტატმა რაფაელ გლუქსმანმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით ქართველი ხალხი ქვეყნის პროევროპულ გზას უჭერს მხარს, რისი დასტურიც საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებაა.  გლუქსმანი თვლის, რომ ევროპელი დეპუტატების მობილიზებამ გავლენა მოახდინა გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე.

„ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობაში, სადაც შეგვიძლია დავინახოთ რა გავლენას ახდენს ევროპარლამენტი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის პროევროპულ გზას და ჩვენი ხმაც გაიგონეს. ტვიტერის პოსტები ცუდი არ არის და არც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს.  სწორედ ასეთმა მობილიზებამ მოახდინა გავლენა შეწყალებაზე. მაგრამ ჯერ შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ არის და მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არჩევნები საქართველოს ევროპული გზისთვის ლაკმუსის ქაღალდია. არ უნდა იყოს სამართლებრივი დევნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და  მედია ხელმძღვანელების წინააღმდეგ“, – განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე დღეს სვენ მიქსერის მიერ შედგენილ ანგარიში განიხილეს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია გათავისუფლდეს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი–  გიორგი რურუა.