აქ არ ვდგავართ მანდატებისთვის, ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის – ხოშტარია

რუსთაველის გამზირზე “ევროპული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, ამბობს, პოლიტიკოსები აქციაზე არა მანდატებისთვის, არამედ თავისუფალი არჩევანისთვის დგანან.

მისი თქმით, ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია, დაიცვას 30 წლის წინ ზუსტად ამ ადგილას, რუსთაველის გამზირზე მოპოვებული თავისუფლება

“ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს და გადმოგვცეს თავისუფლება. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს მოქალაქის არჩევანი, ხალხის ნება და არავინ სხვა. დღეს სწორედ ეს 30 წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშეც ყველანი პასუხისმგებლები ვართ, უნდა დავიცვათ, რადგან ის საფრთხეშია. აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის – ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის. გუშინ გიორგი რურუას, ნატალა ილიჩოვას, ივერი მელაშვილს სხვა პოლიტპატიმრებიც დაამატეს – ისინი ივანიშვილის მძევლები არიან და სწორედ ამიტომ ჩვენ მშვიდად ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას”, – ამბობს ხოშტარია.