აშშ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს აჩერებს

ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების – 132 მილიონი დოლარის ნაწილს ყინავს და მანამდე არ გადმოსცემს საქართველოს, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ მიაწვდის კონგრესის კომიტეტებს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს “დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად,  კორუფციის დასამარცხებლად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონების და რეგულაციების მისაღებად, კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად კერძო სექტორში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით, მათ შორის უცხოური ბიზნესების უფლებების დასაცავად, რათა მათ იმუშაონ შევიწროების გარეშე და სრულად შეძლონ კომერციული და ფინანსური ბენეფიტების მიღება საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებიდან.“

შესაბამის დოკუმენტს ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი აქვეყნებს და წერს, რომ „ივანიშვილის რეჟიმი, ძალიან ძვირი უჯდება თითოეულ ჩვენთაგანს“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გაყინვა არ ეხება დახმარების იმ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის, ან გენდერული ძალადობის და მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის დასახმარებლად.