აშშ–ში და ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები გაიზარდა. ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავს არიდებს

საკარანტინე ზომების შემსუბუქებასთან ერთად, ამერიკის დიდ ქალაქებში კიდევ ერთი ახალი ტენდენცია გამოიკვეთა: ნიუ-იორკში, ვაშინგტონში და სხვა დიდ ქალაქებში, ინფიცირების შიშით, ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავს არიდებს და მიმოსვლას მანქანით ამჯობინებს. სუბსიდირების ნაკლებობით ცნობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემები კიდევ უფრო სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

თვალშისაცემი რეალობა უახლესი გამოკითხვებითაც დასტურდება. ბოლო დღეებში ჩატარებული რამდენიმე კვლევის მიხედვით, ქალაქში მცხოვრები ის ამერიკელებიც კი, ვისაც მანქანა ცხოვრებაში არ ჰყოლია, პირველად იძენენ ავტომობილს. ეს ავტომწარმოებლებისთვის კარგი სიახლეა, მაგრამ ქალაქის მერიების, ქალაქდაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემების და გარემოს დაცვისთვის არც ისე სახარბიელო ტენდენციაა.

იგივე დინამიკა დაფიქსირდა ჩინეთშიც, სადაც კარანტინი უფრო ადრე მოიხსნა და ეკონომიკის ამუშავებასაც შეუდგნენ. იმის მიუხედავად, რომ კარანტინი უკვე ორი თვეა მოიხსნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ისევ 35%-ზე რჩება, მაგრამ გაიზარდა პერსონალური ავტომობილების ყიდვის მაჩვენებლები.

კომპანია „ფორდ მოტორსის“ ოპერაციების ხელმძღვანელი ჯიმ ფარლი ამბობს, რომ მათ ჩინეთში შედარებით ძვირი მანქანების გაყიდვის მაჩვენებლები გაეზარდათ. „ფორდის“ მონაცემებით, ავტომობილებს ძირითადად ოფისში მომუშავე, შედარებით მაღალი ანაზღაურების მოქალაქეები ყიდულობენ.

მეტროსადგური ჩინეთში

ანალოგიური მაჩვენებლები აქვს „ფოლკსვაგენის“ ცენტრებს ჩინეთში. წინა წელთან შედარებით, მანქანების გაყიდვა აპრილის ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზარდა – ამბობს ჯერგენ სტაქმენი, „ფოლკსვაგენის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის და მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ჩინეთის მსუბუქი მანქანების ასოციაცია აცხადებს, რომ აპრილის ბოლო კვირაში ავტომობილების გაყიდვა 12.3% -ით გაიზარდა. ჩინეთშიც ფიქრობენ, რომ ეს პანდემიის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თავის არიდების მიზნით ხდება.

შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობამ დღეისთვის 95%-ით იკლო. პროგნოზების მიხედვით, დიდი ქალაქების სატრანსპორტო სისტემებს სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები და მწვავე დეფიციტი ემუქრება, რაც სავარაუდოდ, 2022 წლამდე გასტანს. ურთულესი ვითარება იქმნება ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც პანდემიამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად 5.5 მილიონი ადამიანი სარგებლობდა.

სატრანსპორტო სააგენტოებმა მთავრობისგან 25 მილიარდი დოლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტი მიიღეს. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და ისინი სააგენტოებისთვის დამატებით $33 მილიარდს ითხოვენ. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელები საზოგადოებრივ ტრანსპორტს სავარაუდოდ, მომავალშიც ნაკლებად გამოიყენებენ, რისკის ქვეშ მთელი ინდუსტრია დგება.

ვაშინგტონის მეტრო

საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაციის „იფსოს“ გამოკითხვების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ამერიკელების 72% ამბობს, რომ ან შეამცირებს ავტობუსებით, ბორნებით, მეტროთი და მატარებლებით სარგებლობას, ან დაელოდება იმ დროს, როცა მგზავრობა უსაფრთხო გახდება. გამოკითხულების 68% მგზავრობას ავტომობილს ამჯობინებს, ან    ამბობს, რომ უფრო მეტად გამოიყენებს მას.

„ჩვენ მართლაც ვამაყობდით იმით, რომ მეტროთი ვსარგებლობდით, მაგრამ ახლა მანქანა გარეთ გასასვლელად უბრალოდ ყველაზე უსაფრთხო საშუალება გახდა“ – ამბობს განა ლინგსტოუნი. ის ქმართან და ხუთ შვილთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს. მანქანა მათ აქამდე არასდროს ჰყოლიათ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მიხვდნენ, რომ უსაფრთხოებისთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა და აპრილში პირველი ავტომობილი, კომპანია „ჰონდას“ მოზრდილი მანქანა „ოდისეი“ შეიძინეს.

ზოგიერთი სამსახური თანამშრომლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას არ ურჩევს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა თავის თანამშრომლებს სამსახურში სასიარულოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას უკრძალავს კიდეც.

გამოკითხვა ჩაატარა მანქანების გაყიდვის ვებ-პლატფორმამაც, სახელად „თრუქარ“. მათი მონაცემებით, ამერიკელი მყიდველების 8% ამბობს, რომ ავტომობილის ყიდვის ან ქირაობის მთავარი მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის თავის არიდება გახდა.

ასე თუ გაგრძელდა, სულ მალე კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით: საცობები გაცილებით რთული დასაძლევი გახდება – ამბობენ ამერიკელი მკვლევარები. მათი მოდელების მიხედვით, ინდივიდუალური გადაადგილების ხანგრძლივობა ამერიკის დიდ ქალაქებში სულ ცოტა 20 წუთით გაიზრდება, თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ყოველ 4 ადამიანს შორის, საჭესთან ერთი მაინც გადაჯდება.

ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორი დენ უორკი ამბობს, რომ „თუ ოფიციალური პირები ვერ დაარწმუნებენ ხალხს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უსაფრთხოა, შეიძლება ამ ტიპის ტრანსპორტიდან მთლიანად გადავერთოთ“. ის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლაში ჩატარებული ახალი კვლევის თანაავტორია.

ნდობის აღდგენისთვის, ამერიკის სატრანსპორტო სააგენტოები ევროპის და აზიის ქვეყნების გამოცდილებას სწავლობენ. არ არის გამორიცხული, დაინერგოს უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა: ტემპერატურის სავალდებულო გასინჯვა, ნიღბების სავალდებულო ტარება, სოციალური დისტანცირების რეგულაციის დაცვა ავტობუსებში, მეტროს პლატფორმებზე და ვაგონებში.

ნიუ-იორკში უკვე ფართოდ დაინერგა სისტემატური დეზინფექციის მეთოდი. იწმინდება ყველაფერი, ბილეთის ასაღები მოწყობილობა იქნება ეს, ლიფტის ღილაკები, კიბის სახელურები, თუ ვაგონები. ნიუ-იორკის მერია ამბობს, რომ დეზინფექცია ცალკე აღებული, ქალაქს წელიწადში სულ ცოტა, 500 მილიონი დოლარი დაუჯდება.

წყარო: ამერიკის ხმა