ახლა კონკურენტები ვართ და როცა პარლამენტში შევალთ, მერე ვიქნებით პარტნიორები – გოცირიძე ოპოზიციურ პარტიებზე

ჩვენ ვართ კონკურენტები ახლა და მერე ვიქნებით პარტნიორები, როცა პარლამენტში შევალთ და კოალიციურ ხელისუფლებას შევქმნით, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “ევროპული საქართველოს” მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

“ამ საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, როცა მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება პროპორციული სიით, ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში, კონკურენტები არიან. არ არის იმ მოვლენის დრამატიზება საჭირო, რომ შესაძლებელია სადღაც კონკურენტები ვიყოთ.ოპოზიციას შორის უპრეცედენტო ისტორიული შეთანხმება მოხდა, როცა მივაღწიეთ გამარჯვებას და პროპორციულთან მიახლობული საარჩევნო სისტემა იქნა მიღებული, თბილისში 6 ოლქში შეთანხმებული კანდიდატია დაყენებული. ამაზე მეტს არჩევნებში ოპოზიციას ნუ მოვთხოვთ“, – განაცხადა გოცორიძემ.

მისივე თქმოთ, არჩევნები ეს არის კონკურენცია, მოლაპარაკება, შეთანხმება და შეუთანხმებლობა და რაღაც მოვლენაზე წინააღმდეგობის გამოგონება არ შეიძლება.

“ნორმალურად მიდის პროცესი, ჩვენც დავაყენებთ ყველგან რეგიონებში. 30 ოლქიდან უდიდეს ნაწილში იქნება მეორე ტური, რომელი ოპოზიციური პარტიაც გავა მეორე ტურში, მთელი ოპოზიციური ფრონტის მხარდაჭერა ექნება, დავეხმარებით ყველას, თუ მათ მეორე ტურში გასვლა შეძლეს, ისევე როგორც ყველა ოპოზიციური სპექტრი დაეხმარება “ნაციონალურ მოძრაობას” მეორე ტურში. წარმოუდგენელია “ქართულმა ოცნებამ” მოაგროვოს ხმების 40-45%-ზე მეტი. მეორე ტური იქნება სწორედ კონფრონტაციისა და გაერთიანების საფუძველი”, – განაცხადა გოცირიძემ.