ბათუმის 144 მილიონიან სტადიონზე 2 მატჩის შემდეგ მინდორი გაფუჭდა. უკონკურენტო ტენდერები და ოცნებასთან დაკავშირებული კომპანიები

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორმა ბათუმის სტადიონის აშენების ისტორია და ფინანსები შეისწავლა. სტადიონზე,  რომლის მშენებლობა ახლახანს დასრულდა და  144 მილიონზე მეტი დაიხარჯა 2 მატჩის შემდეგ მინდორი უკვე გაფუჭდა.

სტადიონი შპს ანაგმა ააშენა, რომელთანაც ჯამში 144,446,958 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა. კომპანია  ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ერთ-ერთი წევრი კომპანიაა.

ასოციაციის გამგეობის წევრმა კომპანიებმა, რომელთა დამფუძნებლები და დირექტორები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან, 2012 წლის შემდეგ, ბიუჯეტიდან 1.1 მილიარდი მიიღეს.

ხშირად ასოციაციის შვიდივე კომპანია ერთმანეთის კონკურენტია და ერთმანეთში ინაწილებენ ძვირადღირებულ ტენდერებს ან უკონკურენტოდ აფორმებენ ხელშეკრულებებს სახელმწიფოსთან.

ბათუმის გარდა, ფოთში სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო, თუმცა პირველი ორი ტენდერი ჩაიშალა და კომპანიების დისკვალიფიკაცია მოხდა, რის შემდეგაც სამუშაოების შესრულება შპს ელიტა ბურჯმა გააგრძელა, რომელმაც უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოში თითქმის 2 მლნ ლარი აიღო.

ელიტა ბურჯიც იგივე ასოციაციის წევრია, მისი დირექტორი და პარტნიორები კი მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები.

2017 წლის ოქტომბერში შპს სტადიონმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 100 მლნ ლარს აღემატებოდა (101,700,000 ლარი) და გამარჯვებულ კომპანიას უნდა უზრუნველეყო ქალაქ ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20,000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც UEFA-ს IV კატეგორიას შეესაბამებოდა.

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის ნოემბერში დასრულდა და აღმოჩნდა, რომ ელ. ტენდერს ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავდა – შპს ანაგი. შესაბამისად, სწორედ შპს სტადიონსა და შპს ანაგს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2017 წლის 14 დეკემბერს და განისაზღვრა, რომ შპს ანაგი სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ 99,448,408 ლარს მიიღებდა დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 34 თვეში დასრულდებოდა, ანუ 2020 წლის 31 დეკემბერს. .

წლების განმავლობაში ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მაგალითად, 2020 წლის მარტში მხარეებმა თავიდან განსაზღვრეს ხელშეკრულების ღირებულება და დაადგინეს, რომ ხელშეკრულების ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 102,195,953 ლარს, ხოლოდ დღგ-ს ჩათვლით-120,591,224 ლარს. ხელშეკრულების ღირებულება ამის შემდეგ კიდევ ორჯერ შეიცვალა: 2020 წლის ოქტომბერში შესული ცვლილების თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება 119,701,997 ლარი გახდა, ხოლო 2020 წლის დეკემბერში- 119,358,555 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილებების შეტანა უკავშირდებოდა სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან” შესრულებულ სამუშაოზე შპს ანაგის მიერ გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ღირებულების დადგენის თაობაზე მოპოვებულ საექსპერტო დასკვნას.

როგორც უკვე აღინიშნა, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებად 119,358,555 ლარი განისაზღვრა, რომლის 97% (116,140,698 ლარი) კომპანიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უკვე მიღებული აქვს. აღნიშნული თანხიდან 35,204,736 ლარი კომპანიამ ავანსის სახით მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ბათუმში ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, მიმწოდებელმა კომპანიამ დროზე ადრე დაასრულა სამუშაოები და როგორც შპს ანაგის ოფიციალური ვებ.გვერიდან ვიგებთ, დასრულების თარიღი 2020 წლის აგვისტოა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც შპს ანაგის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, სტადიონი სრულად შეესაბამება UEFA-ს მოთხოვნებს, მოედანი დაპროექტებულია სადრენაჟო სისტემითა და სანიაღვრე ქსელებით, ასევე მოწყობილია პარკინგი, სკვერები, ბილიკი, მაყურებელთა გადასაადგილებლად ცალკე დამცავი ბარიერები და ლითონის მოაჯირები არის დაყენებული, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ახალაშენებულ მოედანზე ჯერ მხოლოდ 2 თამაში ჩატარდა და სტადიონის მინდორი უკვე გაფუჭდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შემსყიდველი კომპანიის დირექტორმა, ბაქარ ჩიტაიამ, განაცხადა, რომ ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, თუ რამდენად ვარგისი იქნება ეს მინდვრის საფარი გამოსაყენებლად. ის ხაზს უსვამს, რომ მისთვის მიუღებელია ის მდგომარეობა, რაც სტადიონმა ორი მატჩის გამართვის შემდეგ მიიღო.

სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაში ბოლოს შესული ცვლილების თანახმად, მიმწოდებელ კომპანიას დაევალა 2021 წლის 20 აპრილის ჩათვლით სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან” დადებითი დასკვნის წარდგენა მოედნის ბუნებრივი მინდვრის საფარის ხარისხსა და მისი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. თუ კომპანია ვერ წარადგენს აღნიშნულ დასკვნას, ან უარყოფით დასკვნას წარადგენს, შპს სტადიონი იტოვებს უფლებას, რომ მინდვრის საფართან დაკავშირებით მიმწოდებლის მიმართ გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.

გარდა აღნიშნული ხელშეკრულებისა, შპს სტადიონსა და შპს ანაგს შორის კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა, რომლებიც ასევე ბათუმის სტადიონის მშენებლობას უკავშირდებოდა.

მაგალითად, 2019 წლის თებერვალში შპს სტადიონმა კვლავ გამოაცხადა ელ.ტენდერი, რომლის გამარჯვებულიც, რა თქმა უნდა, უკონკურენტოდ გახდა შპს ანაგი. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშაოებს, კერძოდ, ზოგადსამშენებლო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს, ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობას, განათების მოწყობას, დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას და სხვ. აღნიშნული ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება 21,252,359 ლარს შეადგენს, რომლის 92% ანუ 19,642,532 ლარი კომპანიას უკვე მიღებული აქვს.

კიდევ ერთი ხელშეკრულება შპს სტადიონსა და შპს ანაგს შორის 2020 წლის 25 მარტით თარიღდება. ხელშეკრულების მიხედვით, შპს ანაგს უნდა მოეწყო ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის კვამლგაწოვისა და ხანძარქრობის სისტემები, რაშიც კომპანიას 3,836,044 ლარიდან 3,339,373 ლარი უკვე გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელი კომპანია- შპს ანაგი ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ერთ-ერთ წევრი კომპანიაა. აღნიშნული ასოციაცია ცნობილია იმით, რომ მისი წევრი კომპანიები ყველაზე ძვირადღირებულ ტენდერებში იღებენ მონაწილეობას, ხშირად ასოციაციის შვიდივე კომპანია ერთმანეთის კონკურენტია და ერთმანეთში ინაწილებენ ტენდერებს ან ისინი საერთოდ უკონკურენტოდ აფორმებენ ხელშეკრულებებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან. შპს ანაგი ასოციაციის გამგეობის წევრი კომპანიაც არის. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” მმართველ პარტიასთან საკმაოდ დაახლოებული ორგანიზაციაა, ვინაიდან ასოციაციის რამდენიმე წევრი კომპანიის დირექტორები თუ პარტნიორები მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები არიან.

შპს ანაგი 2012-2020 წლებში აქტიურად იგებდა ელექტრონულ ტენდერებს, რომელთა ღირებულებაც თითქმის 200 მლნ ლარია (197,732,978), აქედან უკონკურენტო გარემოში მოგებული ტენდერების ღირებულება 147,638,733 ლარია. გამარტივებული შესყიდვების გზით აღნიშნულ კომპანიას 2012-2020 წლებში 75,907,113 ლარი აქვს მიღებული.

საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემების თანახმად, შპს ანაგის დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილია, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნანა აროშიძე, თუმცა ამჟამად მისი წილის მმართველი ზაზა გოგოტიშვილია.

რაც შეეხება შემსყიდველ კომპანიას ანუ შპს სტადიონს, აღნიშნულ კომპანიას 2020 წლის ივლისიდან სახელი შეეცვალა და ახლა მას შპს აჭარის პროექტების მართვის კომპანია ჰქვია. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორის თანამდებობას ბაქარ ჩიტაია იკავებს, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

საინტერესოა ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებული მოვლენებიც. აღნიშნული სტადიონის რეაბილიტაცია 2013 წლიდან დაიწყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ, კერძოდ, პირველი ორი ტენდერის შესახებ. როგორც ონლაინ სპორტული გამოცემებიდან ვიგებთ, თავდაპირველად სამშენებელო სამუშაოებს შპს “ნიუ ქონსთრაქშენი” ასრულებდა, შემდეგ კი შპს “ხიდი.” აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდა, ვინაიდან ისინი არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, ამავდროულად ორივე კომპანიას ავანსის სახით ჰქონდა თანხა აღებული, თუმცა ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. დავა სასამართლოში გაგრძელდა.

ამის შემდეგ, 2017 წლის მაისში ფოთის მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, შესყიდვის ობიექტი ქალაქ ფოთში სტადიონის რეაბილიტაცია იყო. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტენდერს ერთადერთი პრეტენდენტი ჰყავდა-შპს ელიტა ბურჯი. აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2017 წლის ივლისში გაფორმდა. კომპანიამ სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ 1,948,284 ლარი მიიღო, აქედან 1,755,772 ლარი კომპანიას ავანსის სახით აქვს აღებული. ელიტა ბურჯმა სამშენებლო სამუშაოები ხარისხიანად ვერ შეასრულა, რის გამოც აუცილებელი გახდა ტენდერის თავიდან გამოცხადება.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შპს ანაგის მსგავსად, შპს ელიტა ბურჯიც ა(ა)იპ “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” წევრი კომპანიაა. 2012-2020 წლებში შპს ელიტა ბურჯიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ელექტრონულ ტენდერებში, საიდანაც მას 14,287,683 ლარი აქვს მიღებული, მათგან რამდენიმე ტენდერი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 6,348,583 ლარია. შპს ელიტა ბურჯს გამარტივებული შესყიდვებით მიღებული აქვს 2,169,737 ლარი.

 

შპს ელიტა ბურჯის დირექტორი შემომწირველიც არის, გიორგი როგავამ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 15,000 ლარი შეწირა. ასევე შემომწირველები არიან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ნუგზარ დეკანოიძემ 2016-2020 წლებში მმართველ პარტიას ჯამში 45,000 ლარი შეწირა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს- 25,000 ლარი. ნატო ხაინდრავა, რომელიც ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია, მას 2012 წლიდან დღემდე ქართული ოცნებისთვის 282,600 ლარი აქვს შეწრიული, ხოლო სალომე ზურაბიშვილისთვის- 30,000 ლარი.

ბოლო ელ.ტენდერი, რომელიც ფოთის სტადიონთან დაკავშირებით გამოცხადდა 2019 წლის ოქტომბრით თარიღდება. ამჯერად ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერის შესყიდვის ობიექტს ქალაქ ფოთის უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების სამუშოების წარმოება წარმოადგენდა. ამ შემთხვევაშიც ტენდერს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა-შპს მაქრო ქონსთრაქშენ, რომელთანაც ხელშეკრულება 2019 წლის დეკემბერში გაფორმდა და განისაზღვრა, რომ 365 დღეში კომპანიას სამუშაოები უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებად 5,300,000 ლარი განისაზღვრა, კომპანიამ 4,023,884 ლარი უკვე მიიღო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თანხიდან 1,590,000 ლარი კომპანიას ავანსის სახით აქვს აღებული. დღეის მდგომარეობით, ფოთში საფეხბურთო მოედნის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

რაც შეეხება ინფორმაციას შპს მაქრო ქონსთრაქშენის შესახებ, როგორც საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერიდან ვიგებთ, კომპანია 2013 წელს არის დაარსებული, დღევანდელი მონაცემებით მისი დირექტორის თანამდებობას მურათ ავჯი იკავებს, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ემინ უჩარი არის.