ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსული ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება, თუმცა ეს არ იქნება “გადაულახავი საფასური”.

მინისტრის თქმით, ბიზნეს ვიზიტორებს ასევე შეეძლებათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი. ამ შემთხვევაში მათ ტესტი თავად უნდა შეიძინონ და 14 დღის განმავლობაში ყოველ მესამე დღეს ტესტირება ჩაიტარონ.

„ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულს. მათ მიეცემათ საშუალება, სავალდებულო კარანტინი ჩაანაცვლონ სავალდებულო, პერიოდული ტესტირებით. ეს არაა რაღაც გადაულახავი საფასური. ეს მან უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავადაც იყოს უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტოორებთან კომუნიკაცია. ჩვენ ძალიან აქტიურ საინვესტიციო პოლიტიკას ვაწარმოებთ. პარალელურად, გვინდა, გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რაც ბაზარზე გაჩნდა. ბიზნესვიზიტორებს აქვთ არჩევანი, თუ დიდი ხნით არიან ჩამოსულები, შეიძლება, არჩიონ ფასიანი კარანტინი და ამით ჩვენს სასტუმროებსაც დაეხმარებიან, ან, იგივე გააკეთონ ტესტირების მეშვეობით”,– განაცხადა ნათია თურნავამ იმედის ეთერში.