ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა. დოკუმენტს ხელი მე-11 კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა მაიკლ კონავეიმ მოაწერა.

ის სამხედრო და საგამოძიებო კომიტეტების წევრია. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ოფიციალურ საიტზე დევს.

სანქციების კანონის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, სადაც:

  • გამოვლენილი იქნება, მოქმედებს თუ არა საქართველოს მთავრობა, რათა ძირი გამოუთხაროს ვალდებულებებს თუ საკონტრაქტო შეთანხმებებს აშშ-ის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოში ჩართულები არიან ბიზნესში;
  • იდენტიფიცირებული იქნებიან უცხოელი პირები, რომლებიც არიან საქართველოს მთავრობის მოქმედი ან ყოფილი ოფიციალური პირები და პასუხისმგებლობა აქვთ პირველ პარაგრაფში მოცემულ აქტივობებზე (ანუ, აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებებისთვის თუ საკონტრაქტო შეთანხმებებისთვის ძირის გამოთხრაზე);

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს.

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა მარკვეინ მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა, მისმა თანაპარტიელმა კონგრესმენებმა აქტის მხარდაჭერა ერთი წლის შემდეგ დაიწყეს.