ბოკერია ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა – ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ვინც პოლიტიკიდან მიდის, აღარ უნდა აქტიურობდეს.

ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, აპირებს, ხიდის როლი ითამაშოს ბერძენიშვილის თაობასა და თავის თაობას შორის პოლიტიკაში.

ბერძენიშვილის თქმით, ის არა პოლიტიკიდან მიდის, არამედ ტელეეთერებიდან დისტანცირდება. მისი აზრით, მაღალი უარყოფითი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსის მუდმივად მიკროფონთან ყოფნა შესაძლოა დამაზარალებელი იყოს, ბოკერია კი თაობებს შორის შუამავლობისთვის სასარგებლო კანდიდატურა არ არის.

“რა უცნაური რამ უთქვამს გიგას. პოლიტიკიდან წასვლას არ ვგეგმავ და ეს არც მემუქრება.
გიგას კი ვუთხარი, რომ მას ასაკის პრობლემა არა აქვს, ამომრჩეველთან აქვს პრობლემა.
საერთოდ მას სულ არ ეხება, რაც ვთქვი ეთერში და დავწერე სტატუსში. გიგა ნამდვილად ვერაა თაობებს შორის შუამავლობის სასარგებლო კანდიდატურა… ვერც ელექტორალურად.
პარტიაში პირველი თუ აღარ იქნება, პოლიტიკაშიც რა ესაქმება? ვინც ასე ფიქრობს ბევრი წელია, ამომრჩეველმა კი მიუთითა, რომ საკუთარ პარტიებს უქმნიან პრობლემას.

სანამ ოპოზიცია ერთიანად ქუჩაშია, კარგი იქნებოდა, სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულიყო, გაზომილიყო ნდობის რეიტინგი ოპოზიციურ ამომრჩეველში (ნაცურშიც და არანაცურშიც) ვის რამდენი აქვს… ძალიან მაღალი უარყოფითი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების პერმანენტულ რეჟიმში მიკროფონთან ყოფნა აქციაზე თუ ეთერში იქნებ დამაზარალებელია? ამასაც გავიგებდით.

ჰოდა, სანამ ამას გავიგებთ, თავსაც დავიზღვევ და ოპოზიციასაც დავაზღვევ ერთი თვით ტელეეთერისგან დისტანცირებით. მეტი კი არაფერი. არავის ვერჩი, უკლებლივ ყველა პოლიტიკოსთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, მტრად არავინ დამინიშნავს და ოპოზიციიდან ვინმეს გარიცხვის წყურვილი არ მკლავს. პოლიტიკური პრაგმატული ამოცანები მაქვს მეც, როგორც ერთ ოპოზიციონერს… საუფროსო პოსტი კიდე არც არასდროს დამჭირვებია პოლიტიკური კლასის სტაბილური წევრობისთვის”,– წერს დავით ბერძენიშვილი.

გუშინ ბერძენიშვილმა თავისი თაობის პოლიტიკოსებს მოუწოდა, გვერდზე გადაიწიონ და ტრიბუნა შვილებს დაუთმონ.