ბუტკაში გახსნილი სპეცსამსახურია, ანეკდოტია – სანდრო ბრეგაძე ესტონეთის საგარეო დაზვერვაზე

ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშს ეხმიანება, რომლის მიხედვით, ქართული მარშის მრავალ წევრს რუსეთთან აქვს კავშირი.

ბრეგაძის თქმით, ესტონეთის საგარეო დაზვერვა “ბუტკაში გახსნილი სპეცსამსახურია”, რომელსაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური ავალებს, რა დაწერონ.

“გამიგია ფსბ, გამიგია საფრანგეთის დაზვერვა, ესტონეთის და ბურუნდის დაზვერვა და ეს რაღაც, ბუტკაში გახსნილი სპეცსამსახური კაპიტანი გიგაურის დავალებით, რას სისულელეს დაწერს ქართულ მარშზე…”,-ამბობს ტვ პირველის ეთერში ბრეგაძე.

მისი აზრით, ესტონეთის დაზვერვა “ანეკდოტია”.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთის ე.წ რბილი ძალის გავლენებზეც არის საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, ქართული მარში “ქართული ღირებულებების დაცვის მოტივით, დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და მის მრავალ წევრს რუსეთთან კავშირები აქვს.

“გასულ წლებში საქართველოში ასევე გამოიკვეთა ე.წ ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდის მნიშვნელოვანი ზრდა. “ქართული მარში”, 2017 წლის ექსტრემისტული მოძრაობების ქოლგა ორგანიზაცია ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი ამოცანაა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლური ღირებულებების გავრცელებას ქართულ საზოგადოებაში, ეს კი, დიდი ალბათობით, საფრთხეს უქმნის ქართულ საზოგადოებას.

ეს ძალიან აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმებს. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს ხალხის მხარდაჭერას საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ – პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც 15 წელია, მიღწეულია – ისევე, როგორც შექმნას შიდაპოლიტიკურ დაძაბულობა და კონფლიქტი ქართულ საზოგადოებასთან. ქართული მარშის ლიდერებს შორის მრავალ ადამიანს აქვს კავშირები რუსეთთან და მის გავლენიან აქტორებთან”, – წერია ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში.

აღნიშნული პრორუსული დაჯგუფება “ქართული მარში” პოლიტიკური პარტიის შექმნასა და არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს.