“გაბუნძულდით აქედან“–მანანა არჩვაძემ ოპოზიცია და ჟურნალისტები ზვიად გამსახურდიას საფლავზე არ მიუშვა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს პრეზიდენტ გამსახურდიას საფლავთან მისვლის უფლება არ მისცა.  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მეუღლე და ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, დამოუკიდებელ  საქართველოს უახლოეს ისტორიაში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საფლავზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის იყვნვენ გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი.

“დაახვიეთ ახლა აქედან, გაბუნძულდით ახლა აქედან , არ გაქვთ უფლება, გეეთრიეთ აქედან, არ არის აქ თქვენი ადგილი,  როგორ ბედავთ საერთოდ რომ მოდიხართ“– ამ შეძახილებით გააბრუნეს საფლავზე მისული ოპოზიციონერები პირველი პრეზიდენტის ქვრივის მხარდამჭერებმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით კი, ეს საფლავები ეროვნულ გმირებს ეკუთვნით და ასეთ რთულ პერიოდში მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებაზე უნდა ფიქრობდნენ .

„დღევანდელ დღეა მხოლოდ ერთიანობაზე უნდა ვიზრუნოთ. აქ ჩვენი ეროვნული გმირების საფლავებია: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ილია ჭავჭავაძე. მათ გაგვიკვალეს გზა. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში რა რთული იყო ხალხის ჩაბმა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

90-იან წლებში ორივე მხარის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა თაკო ჩარკვიანმა და განაცხადა, რომ ახალი თაობები აღარ გაიმეორებენ წინა თაობების შეცდომებს.

„რაც გადავიტანეთ 90-იანებში, აღარ გადავიტანთ და იმ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ახლა უფრო გავერთიანდებით – უფრო დავინახეთ რაღაცები. არ ვიცოდით, რას ნიშნავდა ადამიანების ხელოვნურად დაპირისპირება. მოდის ბრწყინვალე თაობა, რომელსაც არ ჰქონია შეხება იმ პერიოდთან. თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.