“გადარჩება ის, ვინც უფრო მოქნილი, გონებამახვილი და ადაპტირებადი იქნება“–ზურაბ გურული

აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული თვლის, რომ 2020–მა  წელმა მსოფლიო შეცვალა და ახალი რეალობის წინაშე დააყენა:

“მიუხედავად ვაქცინაციის წარმატებით დაწყებისა, კლინიკური მედიცინა ჯერ ალბათ მაინც ვერ გადავა სიმშვიდის ფაზაში. მუტაციების სეზონიც გაიხსნა სამაგიეროდ. ვაქცინა პრევენციის მეთოდიცაა და ერთგვარად სამკურნალოც, მაგრამ სპეციფიკური მედიკამენტი აუცილებელია. მედიკამენტი, რომელიც “აღგზნებული” იმუნური სისტემის მართვის შესაძლებლობას მისცემს კლინიცისტებს. დიდი ალბათობით ერთი მედიკამენტი ვერ გადაფარავს ყველა პრობლემას. დაავადების მიმდინარეობის ფაზების ზუსტი დახარისხება და მარტივი გამოსაცნობი ტესტებია საჭირო, რომ დროულად მოხდეს პრევენციაც და მკურნალობაც.

სიკვდილიანობა მაინც შეამცირა კლინიკური მედიცინის არსებულმა დონემ. ეს ფაქტია; საბედნიეროდ. თუმცა საკმაოდ იქნება მოულოდნელობებიც. ვსწავლობთ ემპირიულად და რთული გზით, რომელსაც ალტერნატივა ჯერჯერობით არ გააჩნია.

მსოფლიო მართლაც სხვანაირი გახდება აუცილებლად. ჯანდაცვის სექტორიც. კლინიკებს მოუწევთ ახლებური ლოგისტიკით ფუნქციონირება. მშენებლობის სტანდარტებიც შეიცვლება და უარყოფითი წნევის მქონე პალატებისა თუ საოპერაციოების არსებობა სავალდებულო აუცილებლობად იქცევა. სტანდარტი გახდება აგრეთვე სპეციალურად მომზადებული პერსონალის და განყოფილებების არსებობა ყველა კლინიკაში.

2020 დიდი გარდამტეხი წელი აღმოჩნდა კაცობრიობისათვის. დედამიწის ლოგისტიკა ახალ ეტაპზე გადადის. მიკროსამყაროს მიერ დროებით მიღწეული ლიდერობა დროულად უნდა დაბალანსდეს და გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს. მსოფლიო გონება იძულებულია, უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად იმუშაოს. გადარჩება ის, ვინც უფრო მოქნილი, გონებამახვილი და ადაპტირებადი იქნება ახალი რეალობის მიმართ.
ან უფრო დისციპლინირებული?..
ვნახოთ…“– წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.