გაერთიანებული ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არ განიხილება

გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ერთიან საპრემიერო კანდიდატურად არ განიხილება – ამის შესახებ დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს. გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ მინისტრის პოსტზე პარტია “კანონი და სამართლის„ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა გასულ კვირას დაასახელა. მაშინ მან თქვა, რომ ეს მისი პირადი ინიციატივა იყო, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის პარტიებს გაუზიარებდა. მან იმედი გამოთქვა, რომ თანამოაზრეებიც გამოუჩნდებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრა. ისინი სამუშაო პროცესის თბილისს გარეთ, რეგიონებში გადატანასაც გეგმავენ.

“რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება, – თქვა მურმან დუმბაძემ. იგივე გაიმეორა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა. 

”ძალა ერთობაშიაში“ შემავალი პარტია ეროვნულ-დემოკრატების ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, გაერთიანებას ერთიანი, რელისტური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეყოლება.

გაერთიანებული ოპოზიცია ერთ-ერთი ლიდერის მამუკა გამყრელიძის განცხადებით, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არ განხილულა და ამ თემის გაჟღერება მხოლოდ თაკო ჩარკვიანის პირადი ინიციატივა იყო.

ვინ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრემიერ მინისტრობის კანდიდატი. ხელისუფლების ოპონენტები არ ადასტურებენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი ვაშაძის კანდიდატურის ირგვლივ შეთანხმებაზე.

გაერთიანებული ოპოზიცია პრემიერის კანდიდატურის დასახელებას არ ჩქარობს, თუმცა ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ამომრჩეველს არჩევნებამდე ეცოდინება, ვინ იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები.

გიორგი ვაშაძეს ამ თემაზე განცხადებას დღეს გააკეთებს.