“გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ“–სააკაშვილი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

“გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ. გილოცავთ!“– ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. გადაწყვეტილება მათი შეწყალების შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საღამოს რვა საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა. 

“დღეს ქვეყანა, იმის მიუხედავად, რომ  ყველას მიერ აღიარებულ წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, იმის მიუხედავად რომ ისეთი დემოკრატიული,  თავისუფალი და სტაბილურია, როგორიც არასდროს ყოფილა დამოუკიდებლობის შემდეგ, დგას მწავე პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე.

პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღწეულ შეთანხმებაში, რომელსაც მეც მივესლამე, რჩება გარკვეული ბუნდოვანება (რომლის პასუხისმგებლობა ორივე მხარეზეა), რომელმაც კითხვის ნიშნის  ქვეშ  შეიძლება დააყენოს  საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, და მაშასადამე საფრთხე შეუქმნას ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს- სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას.

ოპოზიცია ამ სიტუაციით მანიპულირებას ცდილობს, არეულობის გამოწვევას, ისევ ქუჩაში პროცესესების გადატანას და ამით დესტაბილიზაციის პროვოცირებას. თუმცა ამისი ძალა ნაკლებად გააჩნია.  მეორეს მხრივ ისიც არ სჩანს, რომ  ქართულ ოცნებას  პოლიტიკურ ვითარებიდან სწრაფი გამოსვლის  და სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი  გააჩნდეს.
აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა,  სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.