განმუხური-ანაკლიას გზაზე მომხდარ ავარიას 2 მორაგბე ემსხვერპლა

გუშინ ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა.

როგორც ზუგდიდის სარაგბო კლუბი სოციალურ ქსელში წერს, ავარიას 2 ზუგდიდელი მორაგბე: იაკობ ოთხოზორია და ლევან მაქაცარია ემსხვერპლა.

“სამწუხარო ინფორმაცია – ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა რაგბი კლუბი ზუგდიდის ორი მოთამაშე იაკობ ოთხოზორია ლევან მაქაცარია. კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს , უფალმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე ჟამს”,- წერს რაგბის კლუბი ზუგდიდი.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.