გარეჯის რუკების საქმე–რა წერია ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენებაში

შაბათის ფორმულამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ჩვენება მოიპოვა, რომლის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკები კარტოგრაფების საქმეს საფუძვლად დაედო.

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა მოსკოვში, სახელმწიფო არქივში დაცული რუკები 2020 წლის მარტში გამოაგზავნა. არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, დავით ხიდაშელს რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა.

თავად ხიდაშელი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მას ბეჟან მაისურაძე დაუკავშირდა და თავდაცვის სამინისტროსთვის რუკების მოძიება სთხოვა. ხიდაშელი დეტალურად აღწერს, როგორ შეიძინა მასალა მოსკოვში.

“ბეჟან მაისურაძემ მთხოვა, დავხმარებოდი მას და საქართველოს ზემოთხსენებული პერიოდის რუკები მომეძებნა და გადამეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რადგან სამსახურებრივად ეს სამინისტრო ამ რუკებს საჭიროებდა.

გარკვეული პერიოდის ძებნის შემდეგ სასურველი რედაქციის რუკებს მივაკვლიე რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კერძოდ კი მოსკოვში არსებულ სახელმწიფო ფედერაციულ საბიუჯეტო დაწესებულებაში.

2020 წლის მარტის შუა რიცხვებში აღნიშნულ სუბიექტთან, იმ დროისთვის თანამშრომელმა მოსკოვში, ლენინგრადის პროსპექტზე, სერგეი ივანეს ძე ბრაგინმა, ჩემი თხოვნით ვინაიდან არ ვარ რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, გააფორმა ხელშეკრულება და ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც შემდგომ მეც გავაფორმე ხსენებულ დაწესებულებასთან, გადმოგცა აღნიშნული დაწესებულების სახელმწიფო ფონდში დაცული 1:200 000 მასშტაბის შემდეგი ნომენკლატურის ტოპოგრაფიული რუკები”, – ნათქვამია ხიდაშელის ჩვენებაში.

ირკვევა, რომ დავით ხიდაშელი, ბეჟან მაისურაძესთან ერთად საქართველოში ივლისში ჩამოვიდა და კარტოგრაფიული მასალა სრულად ჩამოიტანა. ამის შემდეგ ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომისიის მუშაობაში მოწვეული ექსპერტის თანამდებობით ჩართო. ჩვენებით ირკვევა, რომ შეხვედრა მან ჯერ საგარეო, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროებში გამართა. შეხვდა როგორც ივერი მელაშვილს, ასევე ნატალია ილიჩოვას.

“ივერი მელაშვილს ვკითხე, შეთანხმების დროს რატომ არ გაითვალისწინა 1938 წლის და რატომ გამოიყენეს 1978 წელს შიდა, შემდგომ პერიოდში შედგენილი რუკები. აღნიშნულზე მივიღე პასუხი, რომ რუკების გამოყენება საერთოდ არ იყო საჭირო და უკეთესი იყო უფრო მსხვილ მასშტაბიანი რუკებით ხელმძღვანელობა, რაც გამოიყენეს. კერძოდ 1:50 000 მასშტაბის რუკა. იგივე შეკითხვაზე პირდაპირ პასუხზე თავს იკავებდა.

2020 წლის 1-ლ აგვისტოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში შედგა შეხვედრა, ბეჟან მაისურაძესთან ერთად ვესწრებოდი. ამ შეხვედრაზე მოწვეული იყო ნატალია ილიჩოვა. მას იგივე კითხვები დავუსვი, რაზეც მიპასუხა, რომ 1938 წლის 1: 2000 და 1:500 000 მასშტაბის 1936 წლის რუკები შეცდომით იყო დაბეჭდილი და ამიტომ რუკებით კომისიას არ უნდა ეხელმძღვანელა”,-ნათქვამია ჩვენებაში.

ბიზნესმენს შაბათის ფორმულა დაუკავშირდა. ხიდიშელმა სატელეფონო მიმოწერის დროს დაადასტურა, რომ მასალები მარტში სხვას გამოატანა.

დავით ხიდაშელმა შაბათის ფორმულას ასევე დაუდასტურა, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე 8 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, მასალების მოპოვების პროცესში მას უშიშროების რუსი ოფიცერი არ დახმარებია. ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, ორშაბათს, 12 ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ აპირებს.

დავით ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორია. ის ივანიშვილთან ერთად ჟურნალისტურ გამოძიებაში, პანამის დოკუმენტებშიც მოხვდა. მისი კომპანია, ისევე როგორც ივანიშვილის კომპანიები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულზე ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული.

დავით ხიდაშელი შაბათის ფორმულასთან ლაპარაკისას არ ადასტურებს, რომ მას დახმარება ივანიშვილმა თხოვა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.