გარკვეულ პატივისცემას იწვევს გიგა ბოკერიას გამბედაობა,როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში – ხუხაშვილი

გარკვეულ პატივისცემას იწვევს გიგა ბოკერიას გამბედაობა,როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში – ექსპერტი გია ხუხაშვილი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიის ლიდერების წარდგენას „პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს“ უწოდებს.

 

„პარადოქსია ამას რომ ვამბობ, მაგრამ გარკვეულ პატივისცემასაც იწვევს მისი გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში. ბოკერია უფრო მეტად კულისებიდან ახდენდა ძალის დემონსტრირებას. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივობას ცდილობდა, მას ასე პირდაპირ ამომრჩეველთან საკუთარი ძალები არ მოუსინჯავს და მისი გამბედაობდა აქ იწვევს გარკვეულ პატივისცემას. ძალიან ბუნდოვანად მეჩვენება მისი შანსები, მაგრამ მეორე მხრივ, თეორიულადაც თუ იქნება იმის შანსი, რომ ბოკერიამ მოიგოს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ სრული კოლაფსის მაჩვენებელი.

ზუგდიდში საკმაოდ კონკურენტული არჩევნები იქნება იმიტომ, რომ ტრადიციულად ხელისუფლებას იქ არ აქვს მყარი პოზიციები, შესაბამისად გარკვეულ ინტრიგას უნდა ველოდოთ. ერთი მხრივ, შიდა კონკურენციის თვალსაზირისით, მნიშვნელოვანია, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის და მეორე მხრივ, რა პოზიციაშია „ქართული ოცნება“. განსაკუთრებით დიდი ინტრიგა არის ზუგდიდი, მაგრამ ბოკერიას, როგორც ანტიგმირის შედეგიც, რა თქმა უნდა, საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა ორჯერ იჯდა ციხეში, ნაკლებად ანტიგმირია. ბოკერიასადმი აგრესია ძალიან მაღალია „ანტიმიშას“ თვალსაზრისით. ამომრჩეველი არანაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებს ბოკერიას ე.წ „სისხლიან 9 წელზე“ ვიდრე მიშას და მეორე მხრივ, მის მიმართ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატშიც საკმაოდ მაღალი აგრესიაა. შესაბამისად, მისი ჯამური ანტირეიტინგი მაღალია. უგულავას მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში აგრესია არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ბევრად უფრო კორექტული იყო თავის მოქმედებებსა და რიტორიკაში”, – განაცხადა ხუხაშვილმა.