გახარიას ჩემგან დახმარების მეტი არაფერი მიუღია – სოსო გოგაშვილი

”გახარიას ჩემგან დახმარების მეტი არაფერი მიუღია ” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, მას დაკავების მოლოდინი არ აქვს. როგორც გოგაშვილმა Ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, მის შესაძლო დაკავებაზე ინფორმაცია არ აქვს და ეს უფრო პარტიული მესიჯბოქსია.

„მე არ ვარ ბრალმდებელი ორგანო და თუ დევნის ობიექტი ვარ, მაშინ უნდა იკითხოთ მათთან, ვინც ამის განხორციელებას აპირებს. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ ეს უფრო პარტიული “მესიჯბოქსია”. ყოველ შემთხვევაში, ბუნებაში არ არსებობს მუხლი და სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელიც ჩემს მიერ შეიძლება იყოს ჩადენილი, ამას გამოვრიცხავ. დანარჩენი, პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. რაც მთავარია, მუშაობენ, ესაა მთავარი და ეს კარგია“, – განაცხადა გოგაშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძესა და ოთარ ფარცხალაძეს, გოგაშვილის შეფასებით, მათზეც „ფეიკნიუსები“ ვრცელდება.

„არ ვიცი, ოთარის და ზურას მიმართ რა საქმეზე და რა მუხლებით უნდა აღიძრას საქმე. “ფეიკნიუსები” კი ვრცელდება მათ მიმართ, მაგრამ არ ვიცი, ვითომ 700 მილიონს ედავებიან? ვერ გეტყვით… მაშინაც ასე მოხდა, ესენი რომ წავიდნენ, ცდილობდნენ ნაგავი მიეყარათ. სიმართლე გითხრათ, მზად ვიყავი ამისთვის, ბავშვი არ ვარ და არც ხელწამოსაკრავ თანამდებობაზე მიმუშავია, რომ რაღაც ისეთი დავაბრახუნო, რომელიც ლოგიკასთან ახლოს არაა. არ მეგონა, იქამდე თუ დაეშვებოდნენ, რომ ჩემს მიმართ ასეთ “მესიჯბოქს” გამოუშვებდნენ იმ სისტემიდან, რომელიც ზეპირად ვიცი. სასაცილოა, უბრალოდ, ეს მოულოდნელი არაა ჩემთვის, ამისთვის მზად ვიყავი“, – განაცხადა ინტერვიუში გოგაშვილმა.

„მისი გაცნობის დღიდან, იქიდან მოყოლებული, რაც გახარია ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა, მას ჩემგან დახმარების მეტი არაფერი მიუღია. ასე რომ, მე მასთან დაპირისპირება არ მქონია. არც სხვებთან, ვისთანაც ვურთიერთობდი“, – ამბობს გოგაშვილი.

„ამას მალე, შემდეგი კვირიდან გაიგებთ, გელით სიახლეები. ჯერ ვერაფერზე მიგანიშნებთ. იმისთვის არ ვემზადები და იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ პროცესები შეიცვალოს. თუმცა უკეთესობისკენ თუ რამე შეიცვლება, ეს ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა. უბრალოდ, რასაც ვსაუბრობ, ეს კონკრეტულ ამბებს ეხება“, – აღნიშნა გოგაშვილმა ინტერვიუში.