გახარია სომხეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს, დიალოგისთვის ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად რეგიონში შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მისი განცხადებით,  ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე, ამიტომ გახარია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

გახარია ორივე ქვეყანას თბილისში შეხვედრას სთავაზობს.

“ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”,- წერს გახარია.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები