გახსენით თურქეთთან საზღვარი, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი დაწყებულა – უგულავა მთავრობას

ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, თურქეთთან საზღვარი გახსნას. გიგი უგულავა აცხადებს, დასავლეთ საქართველოში ათი ათასობით ადამიანი, რომელიც სეზონურად მუშაობს თურქეთში მუშაობას, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. მისი თქმით ზაფხულის განმავლობაში თხილისა და ჩაის სეზონზე დასავლეთ საქართველოში ერთი ადამიანი 8-10 ათას ლარამდე აგროვებს.

„მე გუშინ დავბრუნდი აჭარიდან და გურიიდან, სადაც ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ერთი და მთავარი პრობლემა დგას დღეს. უკვე წლებია ჩვენი მოქალაქეები იმის გამო, რომ აქ ვერ შოულობენ სამუშაოს დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე. მე ვსაუბრობ 10 ათასობით ადამიანზე, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში თხილზე და ჩაის საკრეფად. ჩაის სეზონი უკვე თითქმის გასულია და აგვისტოში იწყება თხილის სეზონი. ეს არის ამ ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო და ამ სამი თვის განმავლობაში, ერთი ჩვენი თანამოქალაქე 8-10 ათას ლარამდე აგროვებს, რითაც ოჯახს ინახავს მთელი წლის განმავლობაში”,– ამბობს უგულავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ თურქეთში მანამდე უნდა გახსნას, სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი დაიწყება.

“ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს უნდა დავუჯეროთ ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას რომელიც უკვე აშკარად კორონავირუსს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გახსენით თურქეთთან საზღვარი მანამ სანამ დასავლეთ საქართველოში შიმშილი არ დაწყებულა. ჩვენ ერთად უნდა შევიმუშაოთ მექანიზმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჩვენი თანამოქალაქე და თანაცხოვრება კოვიდთან სწორედ ამას ნიშნავს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას ჯერჯერობით არ გეგმავს. ჩაკეტილია საზღვარი თურქეთთან, რის გამოც თურქეთში მოვაჭრეები რამდენიმე დღეა აქციას მართავენ.