გერმანიაში და საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში საფრანგეთის კონტინენტალურ ნაწილში  საერთონაციონალური კარანტინის შემოღებისა და ქვეყნის რეგიონებს შორის ადამიანების გადაადგილების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. შემზღუდავი ზომები მინიმუმ ნოემბრის ბოლომდე იმოქმედებს.

“გადავწყვიტე, რომ პარასკევიდან აუცილებელია იზოლაციის შემოღება, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება“ – განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ადამიანებს შეეძლებათ ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ სამსახურში წასასვლელად და სამედიცინო დახმარების მისაღებად. ქუჩაში გამოსასვლელად სპეციალური ფორმა უნდა შეივსოს. ეს მოთხოვნა მოქმედებდა გაზაფხულზე, პირველი კარანტინის დროსაც.

ჯგუფური შეკრებები აიკრძალება. მუშაობას წყვეტენ რესტორნები და ბარები, ასევე არასასიცოცხლო დანიშნულების საწარმოები.

მაკრონის განცხადებით ახალი წესების შემოღების მიზანია არ დაუშვან კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის სერიოზული შედეგები, რომელიც შეიძლება პირველზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

გასული დღეღამის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით 523 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 235 საკუთარ სახლში და არა საავადმყოფოში.

ლოქდაუნია ცხადდება გერმანიაშინც.

ცოტა ხნის წინ კანცლერმა მერკელმა ასევე განაცხადა კარანტნის შემოღების შესახებ, რომელიც 2 ნოემბრიდან შევა ძალაში და ოთხ კვირას გაგრძელდება. გერმანიის ხელისუფლება აპირებს შეზღუდვებს ორი კვირის შემდეგ გადახედოს იქიდან გამომდინარე, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

კარანტინი გულისხმობს ბარების, რესტორნების, სასტუმროების, კინოთეატრების, სპორტდარბაზების და გართობის ცენტრების დახურვას. რესტორნები მხოლოდ ადგილზე მიტანით კერძების მომზადებას შეძლებენ. მაღაზიები და სასწავლო დაწესებულებები მუშაობას განაგრძობენ.

ადამიანებს ერთმანეთთან სტუმრად სიარულის უფლება ექნებათ, თუმცა ერთდროულად 10 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება.

მერკელის განცხადებით მკაცრი შეზღუდვები აუცილებელია, რათა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი არ მოხდეს.

“აუცილებელია ახლავე ვიმოქმედოთ“– განაცხადა კანცლერმა და ხაზი გაუსვა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული სერიოზული სიტუაციის განმუხტვა მხოლოდ ადამიანებს შორის კონტაქტების შემცირებით შეიძლება, თუმცა ამავე დროს ეკონომიკის გადასარჩენად ძალისხმევა არ უნდა დაზოგონ.

ბოლო 24 საათში გერმანიაში 15 ათასი ადამიანი დაინფიცირდა.