გერმანიის ელჩი: მოხარული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმა დანიელსონის გეგმას

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ ქართულმა ოცნებამ დანიელსონის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

მისი თქმით, “ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა”.

“მოხარული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის. ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც თბილისში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე დაიწყება.