გიორგი ვაშაძე ელენე ხოშტარიასთან და ლელოსთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

დღეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მანიფესტს მოაწერეს ხელი.

მანიფესტით ისინი ხელისუფლებისგან 5 მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ: განიმუხტოს სიტუაცია და პოლიტპატიმრებმა საპატიმრო დატოვონ, გატარდეს რეალური საარჩევნო რეფორმა, გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესზე გავლენის გარკვეული ბერკეტები გადაეცეს, გადაიდგას ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით, ჩატარდეს ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმა.

მანიფესტს ხელს 41 ორგანიზაცია და ინდივიდუალური პირი აწერს.

“ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!” – დღეს კიდევ ერთი მანიფესტი გააფორმეს ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა და ელენე ხოშტარიამ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს ქვეყნის დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობების გაძლიერება. გიორგი ვაშაძე ამ სამი ძალის გაერთიანებას არ გამორიცხავს.

“ჩვენ გვჭირდება თვითმმართველობა, ჩვენ გვჭირდება, მეტი ძალაუფლება გადაეცეს ხალხს და მეტი ზრუნვა იყოს მათ პრობლემებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზეც. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ძალთა გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლიანი, ხალხზე მოფიქრალი ადამიანები მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ამ სამი ძალის გაერთიანებას სამომავლოდ, ვაშაძე პასუხობს, რომ ვერაფერს გამორიცხავს.

“ვერაფერს გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სიმპატიებს რომ არ იწვევდეს ჩემში ეს პოლიტიკური ძალები აქ არ ვიქნებოდი ახლა და არ მოვაწერდი ამ დოკუმენტს ხელს”,- თქვა გიორგი ვაშაძემ.

შესწორება: სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და აღნიშნულმა სამმა პარტიამ ერთი და იმავე მანიფესტს მოაწერეს ხელი, თუმცა მათ სხვადასხვა მანიფესტი გააფორმეს. ბოდიშს ვუხდით მკითხველს.