გოგა ხაინდრავასა და თეა წულუკიანის საუბარი ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიაზე–სუს-ის საიდუმლო ჩანაწერები

“მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიამ სუს-ის საიდუმლო მოსმენების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით ბიძინა ივანიშვილისთვის მზადდება. ე.წ. კრებსში საუბარია სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, ბიზნესმენების, პოლიტიკოსების, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების ურთიერთობების და პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ ინფორმაციაზე,  რომლებიც სუსმა თვალთვალის შედეგად მიიღო. 2020 წლის კრებსის ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხებოდა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საუბარს, რომლებიც “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ამავე არხის წამყვანზე, გიორგი გაბუნიაზე ლაპარაკობდნენ.

დიალოგში საუბარია, პერიოდზე, როდესაც გიორგი გაბუნიას მოსაკლავად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას მოსაკლავად ქილერი ბოკოვი გამოგზავნა.

2020 წლის 16 ივნისს 14:00 საათზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა დაუკავშირდა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, კრებსი საუბრიდან:

გოგა ხაინდრავა: იმ ამბავს როგორ უყურებ ახლა, მე რაღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მაგათმა უფრო ადრე იცოდნენ ყველაფერი და დავწერე კიდეც. შენც ჩააგდე ჩათში, გივი თარგამაძის ისტორია გამახსენდა. მე ახლა ისეთი კავშირი არ მაქვს და იმასთან რამე მამაძაღლობას არ ჰქონდეს ადგილი, იმიტომ, რომ ლოგიკა ნახე როგორია, რომ იმან [ნიკა გვარამიამ] იცოდა და ამას არ უთხრა. ახლა წარმოიდგინე რა, თან უკრაინაა ჩართული… თანაც ეს ჩეჩენი არ არის ინგუშია და ყველა რატომღაც ჩეჩენს იძახის, ამ დროს ინგუშია ბადრის ძე არის, წარმოიდგინე, რა ბოკოვი. საერთოდ ბნელი ისტორიაა მე რომ კითხო. 

თეა წულუკიანი: უბრალოდ მე წეღან რასაც ვიწერებოდი გარეთ როგორც გამოვიდა ესე არ ვარგოდა, ესენი, რომ იძიებდნენ ხომ ბევრად ადრე იცოდნენ რა უნდოდა მაგას, გოგა, ზუსტად შენი ის, რომ წავიკითხე მაშინ მომივიდა აზრად, რომ ეგ მაგათმა წინასწარ იცოდნენ და დაასწრეს, როგორც კი გაიგო, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა იმ წუთში გაახმოვანა რა. კაი გასაანალიზებელია თუ გვყავს ანალიტიკოსები, შესადარებელია ერთმანეთთან მოქმედება რა ხდებოდა, რა და როგორ ვითარებაში ამათი მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ბმები შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ამან იცოდა ულაპარაკოდ რა, წინასწარ.

თეა წულუკიანი: მე გაბუნიას ვერ ვუსმინე და აქვს რამე პრეტენზია გვარამიასთან? თუნდაც არაპირდაპირი

გოგა ხაინდრავა: ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა, რომელი გმირი მე გაბუნია მყავს… მაგაზე, რომ დაფიქრდება სერიოზულად რაშია საქმე მერე ვნახავთ, მე სულ არ გამოვრიცხავ, რომ ასე ყოფილიყო, კადიროვი “სპასობნია” და პუტინიც სხვათაშორის, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, ნახევარი მსოფლიო მოწამლეს, მაგისთვის აკეთებენ ამას ეხლა, სკრიპალებიც მაგის გულისთვის მოწამლეს და ის გერმანელიც, ის ხანგოშვილი მაგიტომ მოკლეს იქ. ასე, რომ გასაკვირი არაა და საინტერესოა სხვა ვერსიაც.

თეა წულუკიანი: ხო, სხვა ვერსიაც, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება.