დავაკავეთ 3 კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც “ოკრიბასთან” მძღოლებს ფულს სძალავდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები – ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ”,– წერია შსს–ს განცხადებაში.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.