დაიდოს აბაშიძე-კარასინის ზუმის ჩანაწერი – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ჩანაწერი გამოქვეყნდეს, რომელიც ონლაინ ჩატარდა.

მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “დადასტურდა ორმხრივი შემართება 2019 წლის ზაფხულის ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების გადალახვისათვის”. ამას სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა. პარლამენტთან აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, შეხვედრაზე 20 ივნისის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა და რუსეთის მხარემ საკუთარი ინტერპრეტაციები გაავრცელა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და “თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის შეხვედრას” პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისთვის იყენებს.

უწყება რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში დააფიქსიროს.