დაშინება, შანტაჟი, ძალადობა – ომბუდსმენი წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და ამბობს, რომ დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები, ასევე არის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის შესახებ.

“სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება გვაქვს. სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

მისი თქმით, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი.

“ჩვენ იგივე მოსყიდვის თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გვყავს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში. სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა სახალხო დამცველი განაგრძობს ზედამხედეველობისა და მონიტორინგის განხორციელებას, რამდენად ობიექტურად და დროულად ხდება თითოეულ ფაქტზე გამოძიების დაწყება და შემდეგ უკვე პირების პასუხისგებაში მიცემას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.