დახურული რესტორნები შტაბებისთვის გვათხოვეთ და კლიენტებს მოემსახურეთ – ხვიჩია ბათუმელებს

გირჩის ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იაგო ხვიჩია ბათუმში დახურულ კაფე-რესტორნებს სთავაზობს, ობიექტები შტაბებისთვის ათხოვონ, სადაც მათი ამომრჩევლები მივლენ, სანაცვლოდ კი კლიენტების მიღებას შეძლებენ.

“მე მაქვს შეთავაზება ხვალიდან დახურული რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის. ჩვენ გვჭირდება შტაბი ქალაქის სხვადასხვა ადგილას, რათა ჩვენს ამომრჩევლებს შევხვდეთ და ვესაუბროთ. თუ გვათხოვებთ თქვენს კაფე-ბარებს და რესტორნებს, ჩვენ გავხსნით შტაბებს, სადაც ჩვენი ამომრჩევლები მოვლენ. ხოლო თქვენ კლიენტებს ისე მოემსახურებით, როგორც ამას აქამდე აკეთებდით. როგორც, იცით საარჩევნო კამპანია აკრძალული არ არის, ამიტომ ხელს ვერ შეგვიშლიან.

ეს შეთავაზება ყველას არ ეხება, ეს შეთავაზება იმ ობიექტებისთვისაა, ვისი მეპატრონეებიც “გირჩის” გულშემატკივრები არიან და სურთ ამ საქმეში დაგვეხმარონ. ველოდები თქვენს გამოხმაურებას და მზად ვარ ნებისმიერი ობიექტის მესაკუთრესთან სასაუბროდ”,- ამბობს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აჭარაში რესტორნებს და კაფე-ბარებს 22.00 საათამდე მუშაობის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.