დეგრადირებული, მობეზრებული ადამიანების სია – კობახიძე ენმ-ძალა ერთობაშიას სიაზე

ირაკლი კობახიძე ენმ–ძალა ერთობაშიას სიას აფასებს და ამბობს, რომ “დეგრადირებული” და “მობეზრებული” ადამიანების სიაა.

„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ძალიან ბევრი ძლიერი ახალი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ კი თქვენ იხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომლებიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას. ეს არის გაუმართავი და განუახლებელი სია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არავითარი განახლების რესურსი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას”,– ამბობს ირაკლი კობახიძე.

ოცნების მესამე ნომერი ნაციონალური მოძრაობის მმართველობას ფაშიზმს ადარებს და ივანიშვილის მის ხშირ გახსენებას ამით ხსნის.

“ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის აბსოლუტურად მძიმე ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იყო დაფუძნებული ძალადობასა და სიცრუეზე, იმისთვის, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს . 1945 წლის შემდეგ ათწლეულები გავიდა და დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას იმას, თუ რა მძიმე იყო ფაშიზმი. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ისინი ფორმებით არ განსხვავდებოდნენ, მათი საქმიანობის ფორმებიც ძალადობა და სიცრუე იყო”,– ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას ბლოკმა საარჩევნო სია წარადგინა.