დედამ ფული დაითვალა და ჩვილი გააყოლა – სუს–ი ახალშობილის გაყიდვის ვიდეოს ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, წყვილმა ახალშობილი 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაყიდა.

სუს–მა ვიდეოც გამოაქვეყნა, როგორ ითვლის ბავშვის დედა ფულს და მყიდველს ჩვილის წაყვანის უფლებას აძლევს.

 

“გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება”,– აცხადებს სუს–ი.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.