დედას ნელ-ნელა დაავიწყდა ჩვენი სახელები, მიილია – გაბუნიას მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ დედაზე, ჯულიეტა ვაშაყმაძეზე ისაუბრა. მან მონოლოგში დედამისისის ავადმყოფობისა და განვლილი ცხოვრების შესახებ მოყვა.

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანილი, ჯულიეტა ვაშაყმაძე 27 დეკემბერს გარდაიცვალა.

„მამაჩემს მწვავე ინფარქტი აღმოაჩნდა, ძლივს გადავარჩინეთ და კლინიკაში დავტოვეთ. დედას არ ვეუბნებოდით მამას რა სჭირდა. როდესაც მან დააფიქსირა, რომ მისი ქმარი ერთი კვირის განმავლობაში სახლში არ დაბრუნდა, ისე განიცადა, რომ ჩაწვა ლოგინში და დახმარების გარეშე აღარასდროს ამდგარა.

მას საშინლად არ უნდოდა, რომ ხალხს ამის შესახებ გაეგო. ამიტომ ჩვენც ბოლომდე ვუფრთხილდებოდით და არავისთან ვამბობდით, რომ სინამდვილეში ბოლო წლებში დედა ლოგინად ჩავარდნილ მძიმე პაციენტად იქცა და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა.

ამას არ ვამბობდით მაშინაც კი, როცა სინამდვილეში ის ამას უკვე ვეღარც გაიგებდა. ბოლო პერიოდში აღარც იცოდა ვინ ვიყავით, ვეღარ გვცნობდა უბრალოდ. ვისაც ეს გამოცდილი აქვს იცის, როგორი მძიმე შეგრძნებაა, როცა პირველად აღმოაჩენ, რომ მშობელი ვეღარ გცნობს.

დედას ნელ-ნელა დაავწყდა ჩვენი სახელები. რამდენჯერმე ვკითხე, ვინ ვარ-მეთქი. მას ბოლომდე ჰქონდა თავმოყვარეობა შენარჩუნებული და კი არ მითხრა, არ ვიციო, თითქოს ირონიით მიპასუხა, კარგი, რას მეკითხებიო.

დედას აღარ გაუგია, რომ მის მსგავსად მეც გამომაგდეს ტელევიზიიდან, სადაც 14 წელი გავატარე. არ გაუგია, რომ ქუჩაში ჩეჩენი ქილერი დამდევდა, თორემ ვერ გადაიტანა. არ გაუგია, რომ ჩემმა ძმამ ცოლი მოიყვანა, არ გაუგია, რომ მისგან შვილიშვილი გაუჩნდა…

ვისი სახელიც ბოლომდე ახსოვდა და ბოლომდე ეძახდა, მამაჩემი იყო. ნელ-ნელა ფიზიკურად და გონებროვად დაილია. იმ დღეს მე და ჩემი ძმა ახალი გადაცემის ჩაწერაზე ვიყავით… ტელევიზიიდან სახლში მივედი, მაგრამ დედას ცოცხალს ვერ მივუსწარი. მამამ ეს არ იცოდა. სახლში რომ შევედი, დედასთან მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა, მოეფერა და უთხრა, აი, გიორგი მოვიდაო, მაგრამ დედას რეაქცია აღარ ჰქონდა…

მამამ ხმამაღალი ტირილი დაიწყო, ცხარე ცრემლებით. თავზე ეფერებოდა დედას და იმეორებდა: ,,ჩემი ლამაზი, ჩემი ლამაზი…”. დედა სრულიად ჭაღარა იყო, დაპატარავებული და ვერ წარმოიდგენთ, როგორი გამხდარი. მე ჩავეხუტე და დავემშვიდობე, ის სულ რამდენიმე წუთის გარდაცვლილი იყო.

დედა ანჩისხატის ეკლესიაში დავასვენეთ… მის საფლავზე ბევრი ყვავილი იყო _  პრემიერის, ბუბა კიკაბიძის, იყო უსახელო ყვავილებიც, მაგრამ არ იყო ტელევიზიის, სადაც 50 წელი გაატარა…

დედაჩემის საფლავზე ყვავილებს მე თვითონ დავხატავ, ეს იქნება ძალიან სადა, მაგრამ ისეთივე გამორჩეული ყველასგან, როგორიც თვითონ იყო”,- ყვება გაბუნია.