დედის მიერ 9 წლის შვილის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფაქტის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 9 წლის მოზარდზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა,-ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა ცისანა ჩიკვაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 9 წლის მოზარდს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, იგი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახში კიდევ ორი ბავშვი ცხოვრობს, რომელთა მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო სწავლობს.

“ბათუმის პოლიციის ერთ-ერთმა განყოფილებამ მოგვმართა არასრულწლოვანის მიმართ განხორცილებულ ძალადობასთან დაკავშირებით, სოცმუშაკის მიერ დაფიქსირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობა ბავშვზე, ჩვენმა სოცმუშაკმა ითანამშრომლა პოლიციის თანამშრომლებთან, ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, იგი უსაფრთხო ადგილზეა. ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა”,- აცხადებს ცისანა ჩიკვაიძე.

მომხდარ ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბავშვის დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქალი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.