დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპმა Covid19-ის ვაქცინა გაიკეთეს

შაბათს ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა ქმარმა, ედინბურგის ჰერცოგმა კორონავირუსის აცრა გაიკეთეს. პროცედურა სამეფო ოჯახის პირადმა ექიმმა ჩაატარა – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

ამჟამად 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი უინძორის რეზიდენციაში იმყოფებიან, სადაც პრაქტიკულად პანდემიის დასაწყისშივე გადავიდნენ მომსახურე პერსონალის შეზღუდულ რაოდენობასთან ერთად.

მისი უდიდებულესობის წარმომადგენელთა თქმით, დედოფალმა სპეციალურად მოისურვა, რომ მისი ვაქცინაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებულიყო. ამგვარად სამეფო ოჯახს იმედი აქვს, რომ საზოგადოებაში შემდგომ სპეკულაციებს ბოლოს მოუღებს.

ბრიტანეთში საყოველთაო მაშტაბური ვაქციანციის კამპანია ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, და ბევრი გამოთქვამდა გაკვირვებას, რატომ აყოვნებდა სამეფო ოჯახი აცრის გაკეთებას.

ამჟამად ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 1.5 მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მიიღო. პირველ რიგში აცრას უკეთებენ ხანდაზმულებს და სამედიცინო მუშაკებს. მარტიდან ოქტომბრამდე დედოფალი საჯაროდ არ გამოჩენილა. პირველად მან ღონისძიებაში 15 ოქტომბერს მიიღო მონაწილეობა. ის პრინც უილიამთან ერთად პორტ დაუნის სამხედრო ლაბორატორიას ეწვია.

მეორედ ელისაბედ მეორე სახალხოდ დეკემბერში, უინძორის ეკლესიის წინასაშობაო წირვაზე გამოჩნდა. ბევრი წლის მანძილზე პირველად მან დაარღვია სამეფო ოჯახის ერთ–ერთი მთავარი ტრადიცია – შობის ერთობლივი აღნიშვნა სანდრინგემის მამულში.