დეპუტატებს, რომლებიც მანდატებზე უარს ამბობენ, ხელფასი ჩაერიცხათ

პარლამენტის დეპუტატებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, დღეს ხელფასი დაერიცხათ.

ევროპული საქართველოს ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თანხა უკან, სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხა. მან ამის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

“პარლამენტმა, არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს. წამებში მიიღეს უკან”, – წერს ხოშტარია Facebook–ზე.

“ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” წევრი, ნატო ჩხეიძე წერს, რომ პარლამენტისგან დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა, თუმცა არ იცის რა უყოს ამ “ეშმაკისეულ თანხას” და რჩევას საზოგადოებას ეკითხება.

“გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია… ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას”, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა. ბიუჯეტში დავაბრუნო?.. არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში?.. ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო…სამიქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიცია.

ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას?. ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ”, – წერს ნატო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.