დიდი უსამართლობაა, ვაქცინით ძირითადად მდიდარი ქვეყნები იცრებიან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ვაქცინები უსამართლოდ ნაწილდება.

“მოგეხსენებათ, რომ ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნების ხელში და ძალიან დიდი უსამართლობაა… თუ თქვენ თვალს ადევნებდით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყველაზე დიდ თავყრილობებს, როგორიც იყო დიდი შვიდიანის შეხვედრა, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენცია, იანვარში დაოსის ეკონომიკური ფორუმი და ა.შ. ყველგან ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი განაწილების უსამართლობის შესახებ.

ანუ ვაქცინებით დღეს, რომელითაც მოსახლეობის 15%–ია დარეზერვებული ამ ეტაპზე, ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს. საშუალო და დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის, სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მოწოდებებით არ ხდება… ამიტომაც იყო მოწოდება დიდი შვიდიანის პირველი პირების, რომ გადანაწილების მექანიზმი ამუშავდეს”,– აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ჯერჯერობით არცერთი დოზა ვაქცინა არ მიუღია. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ასტრაზენეკა “არ დაგვაღალატებს” და მარტის თვეში ქვეყანას რამდენიმე ასეულ ათას დოზა ვაქცინას მიაწვდის.